ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი ცდილობს, დონბასში ყველას სიცოცხლე გაანადგუროს, მსოფლიოს მხრიდან რეაგირება აუცილებელია, ზუსტად ისეთი, როგორსაც რუსები იმსახურებენ მათ მიერ გამოწვეული ყველა სიკვდილისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ქალაქ კრამატორსკზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
მისი თქმით, სამგზავრო ავტობუსზე საჰაერო იერიშის შედეგად 30 დაღუპულიდან ნაწილის იდენტიფიცირება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.
„რუსული ბომბი ფაქტობრივად ორი ქალაქის მიკროავტობუსებს მოხვდა. დაღუპულთაგან ზოგიერთის ვინაობა მათი დაზიანებების სიმძიმის გამო ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. დარტყმის შედეგად კიდევ 18 ადამიანი დაშავდა. ასევე, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და მანქანები“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ რუსეთის იერიშები უპასუხო არ იქნება და საპასუხო ზომები მსოფლიომაც უნდა მიიღოს.
„ეს დარტყმა უპასუხოდ არ დარჩება. რუსეთი ცდილობს, დონბასში ყველას სიცოცხლე გაანადგუროს. მსოფლიოს მხრიდან რეაგირება აუცილებელია. ძლიერი რეაგირება – ზუსტად ისეთი, როგორსაც რუსები იმსახურებენ მათ მიერ გამოწვეული ყველა სიკვდილისთვის.“ – აღნიშნავს ზელენსკი.
ცნობისთვის, დღეს რუსებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე იერიშები მიიტანეს. თავდასხმის ობიექტები იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კრამატორსკში სამოქალაქო ავტობუსზე იერიშს 30 ადამიანი ემსხვერპლა.