ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები ეცდებიან, ორმხრივ შეხვედრას თავი აარიდონ, უნდა ვაიძულოთ, რომ დიპლომატიაში ჩაერთონ, ამისთვის ძლიერი სანქციები გვჭირდება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ნატო-ს გენერალურ მდივანს მარკ რუტეს შეხვდა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს პრეზიდენტების შეხვედრის თარიღისა და ადგილის შეთანხმებისკენ მოუწოდა. ზელენსკის თქმით, რუსული მხარე ყველანაირად ეცდება, თავი აარიდოს აღნიშნული შეხვედრის გამართვას, რადგან რუსეთს ომის დასრულება არ სურს, ამიტომ ასეთ შემთხვევაში საჭიროა მოსკოვზე ზეწოლა.
„მე ვისურვებდი პირდაპირ სამმხრივი ფორმატის ჩატარებას, თუმცა თუ პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ფორმატი, რომელშიც შეგვიძლია მოლაპარაკებების გაგრძელება, არის ორმხრივი, ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ამას. ამის შემდეგ შეგვიძლია სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვა. მოდით, ვისაუბროთ თარიღსა და ადგილზე. ჯერჯერობით ეს ყველაფერია, რაც შემიძლია ვთქვათ. რუსები ეცდებიან კიდევ რამის გაკეთებას, რომ თავი აარიდონ შეხვედრას. ეს საკითხი უბრალოდ შეხვედრას არ ეხება. საქმე ისაა, რომ მათ არ სურთ ომის დასრულება. შეხვედრა არის ერთ-ერთი კომპონენტი, თუ როგორ დავასრულოთ ეს ომი. ვინაიდან მათ არ სურთ ომის დასრულება, ისინი მოძებნიან ამისთვის სივრცეს. ეს სივრცე უნდა შემცირდეს. ამერიკამ და ევროპამ ერთიანად უნდა შეამცირონ სივრცე ომისთვის.
ჩვენ უნდა ვაიძულოთ ისინი, რომ ჩაერთონ დიპლომატიაში, ჩვენ გვჭირდება ნამდვილად ძლიერი სანქციები, თუ ისინი არ დათანხმდებიან ამ ომიდან დიპლომატიურ გამოსავალს. თუ მათ არ სურთ ომის დასრულება, ჩვენ გვაქვს ძლიერი სანქციების იმედი ჩვენი პარტნიორებისგან. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთმა ვერ აარიდოს თავი შეხვედრას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან ასევე უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს უნდა იყოს ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიები. „ეს იქნება ნამდვილად ეფექტიანი გარანტიები. ეს არის შედეგი, რომელსაც უნდა მივაღწიოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციის“ ბოლო შეხვედრაზე თურქეთმა გამოთქვა სურვილი, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მონაწილე ზღვაში.