ვოლოდიმირ ზელენსკი - როგორც კი ამუშავდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი, დაიწყება მუშაობა მეშვიდე პაკეტზე
როგორც კი ამუშავდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი, დაიწყება მუშაობა მეშვიდე პაკეტზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგი ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ამ ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ვიმუშავებთ. როგორც კი სანქციების მეექვსე პაკეტი ამუშავდება, დავიწყებთ მუშაობას მეშვიდე პაკეტზე. საბოლოოდ, არ უნდა არსებობდეს არანაირი ეკონომიკური ურთიერთობა თავისუფალ სამყაროსა და ტერორისტ სახელმწიფოს შორის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა, შეაფასონ ომის მთელ ფრონტზე არსებული სიტუაცია და არა მხოლოდ იქაური ვითარება, სადაც ყველაზე მეტი სირთულეა.
„მინდა, მივმართო მათ, ვინც მიუთითებს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, როგორ არის საჭირო შეტევა და როგორ უნდა განდევნონ მტერი. უკრაინა ყველა აზრს სცემს პატივს. მაგრამ უკრაინა, უპირველეს ყოვლისა, პატივს სცემს თითოეული ადამიანის სიცოცხლეს და ეს აქსიომაა. უკრაინა არასდროს მოიქცევა ისე, როგორც რუსეთი იქცევა, როგორც ის ტოვებს ხალხს ბრძოლის ჯოჯოხეთში, მხოლოდ იმიტომ, რომ მოსკოვს რაღაც ტერიტორიების ხელში ჩაგდება სურდა გარკვეულ თარიღამდე. ჩვენი სამხედროები, დაზვერვა, ეროვნული გვარდია და ყველა ის უწყება, რომელიც სახელმწიფოს დაცვაშია ჩართული, თანდათან ანგრევს მტრის ყველა გეგმას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.