ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს მოლაპარაკებების, ძლიერი ლიდერების ეშინია და ყველაფერს აკეთებს ომის გასაჭიანურებლად
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს „ეშინია მოლაპარაკებების, ეშინია ძლიერი ლიდერების და ყველაფერს აკეთებს ომის გასაჭიანურებლად. მისი ყოველი ნაბიჯი და ყველა ცინიკური ხრიკი მიმართულია იმისკენ, რომ ომი უსასრულო გახადოს“.
ასე გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინის სიტყვებს, რომ ის არ არის მზად, ხელი მოაწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელსაც „არალეგიტიმურად“ მიიჩნევს.
ვოლოდიმირ ზელენსკის აზრით, ახლა „არსებობს ნამდვილი მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა“, მაგრამ ვლადიმერ პუტინი ყველაფერს აკეთებს, რომ „ან გააგრძელოს სრულმასშტაბიანი მკვლელობები ან მიიღოს პაუზა, რათა შემდგომში, ჰიბრიდული დარტყმების მიყენებით, მოამზადოს ახალი სრულმასშტაბიანი შემოჭრა“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, გაითვალისწინონ წარსულის შეცდომები და „აიძულონ“ რუსეთი, მშვიდობის დამყარებას დათანხმდეს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ნებისმიერ სხვა ომზე სწრაფად დასრულდება შეუძლია აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. მან ასევე ხაზი გაუსვა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის მნიშვნელობას.
2022 წლის ოქტომბერში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც კრძალავს მოლაპარაკებებს ვლადიმერ პუტინთან.
26 იანვარს ზელენსკიმ დააზუსტა, რომ ეს ბრძანებულება ეხება ყველას, გარდა უკრაინის პრეზიდენტისა.
„მე ვარ უკრაინის პრეზიდენტი, მე ვარ ამა თუ იმ მოლაპარაკებების ლიდერი, და ყველა დანარჩენს მე ავუკრძალე“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.