ვოლოდიმირ ზელენსკი - პრეზიდენტმა ერდოღანმა მაცნობა, რომ ის თავდაცვის მინისტრს რთავს პროცესში, რათა შეისწავლოს, როგორ შეუძლია თურქეთს, წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - პრეზიდენტმა ერდოღანმა მაცნობა, რომ ის თავდაცვის მინისტრს რთავს პროცესში, რათა შეისწავლოს, როგორ შეუძლია თურქეთს, წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ღამით, რუსეთის იერიშის დროს დარტყმები განხორციელდა თურქულ საწარმოზე, აზერბაიჯანის საელჩოზე, ევროკავშირის დელეგაციაზე, ბრიტანეთის საბჭოსა და საცხოვრებელ უბნებზე. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დაწერა.

ზელენსკის თქმით, მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოღანს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის, ასევე, მუდმივი მზადყოფნისთვის, ხელი შეუწყოს ნამდვილი მშვიდობის მიღწევას.

მისი განმარტებით, უკრაინა აფასებს თურქეთის მიერ გაწეულ დახმარებას. როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, თურქ კოლეგასთან განიხილა არსებული სიტუაცია და მომდევნო დიპლომატიური ნაბიჯები.

„უკრაინა მზადაა, ჩაერთოს ლიდერების ფორმატში, რადგან ეს ერთადერთი ეფექტიანი ფორმატია. სამწუხაროდ, სწორედ რუსეთი თავს არიდებს ამას და აგრძელებს ომს. გასულ ღამეს რუსებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს უკრაინას, გაუშვეს 30-ზე მეტი რაკეტა და დაახლოებით 600 დრონი. ამ თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვი. ათობით ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია და ექიმები ახლა მათი სიცოცხლისთვის იბრძვიან. დარტყმები განხორციელდა თურქულ საწარმოზე, აზერბაიჯანის საელჩოზე, ევროკავშირის დელეგაციაზე, ბრიტანეთის საბჭოსა და საცხოვრებელ უბნებზე. ეს არის პუტინის პასუხი უკრაინის, შეერთებული შტატების და ჩვენი ევროპელი პარტნიორების ყველა მცდელობაზე, შეაჩერონ მკვლელობები. სწორედ ამიტომ არის საჭირო ზეწოლა – სანქციების, ტარიფების და პოლიტიკური ზომების გზით. ჩვენ ძლიერი ნაბიჯების იმედი გვაქვს“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ერდოღანთან სატელეფონო საუბრის დროს უსაფრთხოების გარანტიების საკითხიც განიხილა. როგორც მან აღნიშნა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები ამჟამად მუშაობენ ყველა კონკრეტულ კომპონენტზე და უსაფრთხოების გარანტიების მთელი ჩარჩო ჩამოყალიბებული იქნება მომავალ კვირას.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა მაცნობა, რომ ის თავდაცვის მინისტრს რთავს პროცესში, რათა შეისწავლოს, როგორ შეუძლია თურქეთს, წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით, შავ ზღვაში. გმადლობთ“, – წერს ზელენსკი.