ვოლოდიმირ ზელენსკი - პოკროვსკში ძალიან რთული ვითარებაა, ჯარისკაცებს არავინ აიძულებს სიკვდილს ნანგრევებისთვის
ვოლოდიმირ ზელენსკი - პოკროვსკში ძალიან რთული ვითარებაა, ჯარისკაცებს არავინ აიძულებს სიკვდილს ნანგრევებისთვის

უკრიანის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ პოკროვსკიდან ჯარების გაყვანაზე საუბრისას აცხადებს, რომ არავინ აიძულებს ჯარისკაცებს სიკვდილს ნანგრევებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა აღიარა, რომ პოკროვსკში არსებული ვითარება „ძალიან რთულია“ და განაცხადა, რომ ჯარების გაყვანის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება სამხედრო სარდლობამ უნდა მიიღოს.

„არავინ აიძულებს მათ სიკვდილს ნანგრევებისთვის. მე მხარს დავუჭერ ჩვენს ჯარისკაცებს, განსაკუთრებით იქაურ მეთაურებს, სიტუაციის კონტროლის მცდელობებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩვენ ძალიან ძვირი დაგვიჯდება. ჩვენი ჯარისკაცები ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი პოკროვსკში გამარჯვებას ცდილობს, რათა დონალდ ტრამპი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან უკრაინული ჯარების გაყვანისა და ომის დასრულების აუცილებლობაში დაარწმუნოს.

ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავ „ღიაა რუსებთან მოლაპარაკებებისთვის“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

„ჩვენ არ შეგვიძლია აღმოსავლეთ უკრაინის დატოვება. ამას ვერავინ გაიგებს, ამას ხალხი ვერ გაიგებს. და რაც მთავარია, არავინ იძლევა გარანტიას, რომ ამა თუ იმ დასახლების აღების შემდეგ ისინი წინ არ წავლენ. არანაირი შემაკავებელი ძალა არ არსებობს. თუ მათ ნამდვილად სურთ ომის დასრულება ან მზად არიან ამისთვის, მათ დიპლომატიური გზა უნდა აირჩიონ. და, კიდევ ერთხელ, სწორედ ამიტომ ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, რომ ღია ვარ“, – განაცხადა ვოლოდმირ ზელენსკიმ.