ვოლოდიმირ ზელენსკი - ორბანი პუტინის გვერდით დგას, ის უკრაინისთვის ყველაფერს ბლოკავს, ერთადერთი, რასაც დღეს არ აკეთებს, არის ჩვენს ტერიტორიაზე რაკეტებით თავდასხმა და ჯარისკაცების გაგზავნა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ქმედებები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას შეადარა.
როგორც უკრაინის ლიდერმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, პუტინსა და ორბანს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, უნგრეთის პრემიერს ჯერ არ გამოუყენებია დრონები ან ჯარები უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ კიევისთვის მხარდაჭერას ბლოკავს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ორბანი ბლოკავს მოსკოვის წინააღმდეგ ყველა სანქციას, აფერხებს იარაღის ტრანზიტს უნგრეთის გავლით და ხელს უშლის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიღებას.
„ბლოკავს ფულს, იარაღს, ჩვენს გზას ევროკავშირისკენ, ჩვენი ცხოვრების წესს, ავრცელებს რუსულ ნარატივებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, არის თუ არა ორბანი პუტინის მოკავშირე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის რუსეთის ლიდერის გვერდით დგას.
„დიახ, რა თქმა უნდა. ის რუსეთის ლიდერის გვერდით დგას. იმავეს აკეთებს – ყველაფერს უბლოკავს უკრაინას. ერთადერთი, რასაც დღეს არ აკეთებს, არის ჩვენს ტერიტორიაზე რაკეტებით ან დრონებით თავდასხმა და თავისი ჯარისკაცების გაგზავნა“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ბოლო პერიოდში კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. გასულ კვირაში უნგრეთში დააკავეს უკრაინული ბანკის, „ოსჩადბანკის“ თანამშრომლები, ნაღდი ფულის გადაზიდვის მანქანები და ძვირფასი ნივთები. ამასთან, ქვეყნებს შორის დავის საგანია ნავთობსადენი „დრუჟბა“ და ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გაცემული 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი, რომელსაც ორბანის მთავრობა ბლოკავს.