ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში ჩავიდა, სადაც უკრაინული მარცვლეულის ხომალდზე დატვირთვის სამუშაოებს გაეცნო
ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში ჩავიდა, სადაც უკრაინული მარცვლეულის ხომალდზე დატვირთვის სამუშაოებს გაეცნო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში ჩავიდა, სადაც უკრაინული მარცვლეულის ხომალდზე დატვირთვის სამუშაოებს გაეცნო და უკრაინის მხრიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული შეთანხმების შესრულების მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ მზად ვართ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის. ველოდებით ჩვენი პარტნიორებისგან სიგნალებს ტრანსპორტირების დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავრჩეთ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების გარანტორად. ვიდრე ვიღაც შავი ზღვის დაბლოკვით ართმევს სიცოცხლეს სხვა სახელმწიფოებს, ჩვენ ვაძლევთ მათ გადარჩენის შესაძლებლობას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

თურქულ ხომალდზე მარცვლეულის დატვირთვა სავაჭრო პორტ „ჩერნომორსკში“ მოხდა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომის დაწყებიდან პირველი ხომალდის დატვირთვა მეტყველებს იმაზე, რომ პორტი ამუშავდა.

მანამდე, ოდესაში უკრაინაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ელჩები ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, 22 ივლისს რუსეთმა და უკრაინამ, გაერო-სა და თურქეთთან ერთად, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან გემების უსაფრთხო მიმოსვლა მარცვლეულის ექსპორტისთვის.