ვოლოდიმირ ზელენსკი - მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შესახებ გაფრთხილებისა, დასავლელმა პარტნიორებმა არ უზრუნველყვეს უკრაინა იარაღით და არ დაკეტეს საჰაერო სივრცე
ვოლოდიმირ ზელენსკი - მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შესახებ გაფრთხილებისა, დასავლელმა პარტნიორებმა არ უზრუნველყვეს უკრაინა იარაღით და არ დაკეტეს საჰაერო სივრცე

მიუხედავად რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შესახებ გაფრთხილებისა, დასავლელმა პარტნიორებმა არ უზრუნველყვეს უკრაინა იარაღით და არ დაკეტეს საჰაერო სივრცე, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ ტელეკომპანიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტს დაუსვევს კითხვა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების შესახებ, რომელმაც თქვა, რომ ზამთრის პერიოდში ვოლოდიმირ ზელენსკის არ სურდა მოესმინა გაფრთხილება რუსეთის მხრიდან ომის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

„ჩემი რომ გაეგონათ, უკრაინას მეტი შანსი ექნებოდა, შეეჩერებინა რუსეთის ფედერაციის შემოჭრა. სიგნალები, რომლებსაც იხსენებთ, ყველა განსხვავებული იყო. თუ ყველაფერი ასე იყო, თუ ყველამ გააფრთხილა უკრაინა, რომ ხვალ იქნება სრულმასშტაბიანი შემოჭრა, ისმის კითხვა – რატომ არ დაიკეტა საჰაერო სივრცე, რატომ არ მოგვაწოდეს იარაღი ამ შემოჭრამდე და რატომ არ დააწესეს პრევენციული სანქციები რუსეთის პრეზიდენტის გასაფრთხილებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინამ საპირისპირო კითხვებით უნდა მიმართოს ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს, რადგან უკრაინის ხელისუფლება ითხოვდა სანქციების დაწესებას და პარტნიორ ქვეყანასთან ერთად შავი ზღვის ფლოტის მშენებლობის სტრატეგიაც წარადგინა.

„ჩვენ ეს შევთავაზეთ, ვამბობდით, რომ რუსეთი შავი ზღვის ბლოკირებას მოახდენდა. ასევე ვსაუბრობდით სარაკეტო პროგრამაზე. ამის შესახებ ერთი წლის წინ გავაკეთე მოხსენება და წარვადგინე პროგრამა, როგორი საჰაერო თავდაცვა გვჭირდება თავის დასაცავად და ეს არის სწორი პასუხი თქვენს კითხვაზე. ვიყოთ გულწრფელები – ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, თავიდან არავინ გვიჭერდა მხარს, ახლა კი, მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც გვქვს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.