ვოლოდიმირ ზელენსკი – მიმდინარე წელს ბელგია უკრაინას სამ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს გადასცემს, რაც ჩვენს საჰაერო თავდაცვას უფრო გააძლიერებს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ახალ მოლაპარაკებებს ამზადებს, მათ შორის, საჰაერო თავდაცვისა და უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხებზე, რომლებიც ამ კვირაში გაიმართება.
„მადლობა ჩვენს ყველა პარტნიორს, რომლებიც ნამდვილად ასრულებენ შეთანხმებებს და გვაწვდიან საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო რაკეტებს. სულ ახლახან უკრაინაში NASAMS-სთვის განკუთვნილი რაკეტების პარტია ჩამოვიდა. მადლობა. ეს ძალიან კარგი პაკეტია. ყველა პარტნიორთან ვსაუბრობთ, რათა „პეტროოტის“ სისტემებისთვის საჭირო რაკეტებიც გვქონდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.
მისივე თქმით, ბელგიამ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებთან დაკავშირებით დღეს გადაწყვეტილება მიიღო.
„წელს კიდევ სამ თვითმფრინავს მივიღებთ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რუსეთმა დღეს ქალაქ სუმში, საცხოვრებელ რაიონზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა.
„დღეს რუსებმა სუმიზე მიიტანეს იერიში. ისინი ამ დარტყმებისთვის მიზეზის მოფიქრებას ან მათ შენიღბვასაც კი აღარ ცდილობენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი ბომბი სკოლასაც მოხვდა.
„კიდევ ერთი ბომბი სკოლას მოხვდა – ჩვეულებრივ სკოლას, სადაც იმ მომენტში ბავშვები იყვნენ. შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, თუმცა ბავშვები და მასწავლებლები თავშესაფარში იმყოფებოდნენ და საბედნიეროდ, ამის წყალობით სკოლაში არავინ დაშავებულა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის განცხადებით, ღამით კიევზე კვლავ განხორციელდა ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეტევა.
„მნიშვნელოვანია, რომ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდებაც მოხერხდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.