ვოლოდიმირ ზელენსკი – მიღებულია გადაწყვეტილება, რუსეთის ტერიტორიაზე 30 000-დან 50 000-მდე ჩრდილოეთკორეელი განთავსდეს, ისინი სწავლობენ ამ ომს, რუსეთისგან თანამედროვე ომის გამოცდილებას მიიღებენ

23:39, 08.08.2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 30 000-დან 50 000-მდე ჩრდილოკორეელ ჯარისკაცს გაგზავნის. აღნიშნულის შესახებ მან უკრაინულ მედიას განუცხადა.

ზელენსკის თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ამან მომავალში, შესაძლოა, აზიურ ქვეყნებს საფრთხე შეუქმნას, რადგან ფხენიანი ამ ნაბიჯით „თანამედროვე ომს სწავლობს“, გამოცდილებას იღებს.

„უნდა გვესმოდეს, რომ კორეელები დროდადრო ჩნდებიან რუსეთის ტერიტორიაზე. ჩვენ ამას ვხედავთ, ვიცით. თავდაპირველად საუბარი იყო ასობით, შემდეგ – ათასობით, მაგრამ ახლა მიღებულია გადაწყვეტილება, რუსეთის ტერიტორიაზე 30 000-დან 50 000-მდე ჩრდილოეთკორეელი განთავსდეს. ისინი სწავლობენ ამ ომს. ჩვენ თუ ვსაუბრობთ კრიზისებსა და ესკალაციაზე სხვა მიმართულებით, წყნარ ოკეანეში, აზიის სხვა სახელმწიფოებისთვის შესაძლო საფრთხეზე, მაშინ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან თანამედროვე ომის გამოცდილებას მიიღებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ სამხრეთ კორეას საერთო საფრთხის წინააღმდეგ უკრაინასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ღია ვართ. ძალიან გვსურს სამხრეთ კორეისგან მხარდაჭერის მიღება იმ ფორმით, რაც არ გვაქვს, განსაკუთრებით კი საჰაერო თავდაცვის სისტემის მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ დრონების შესახებ შეთანხმებაზე და სხვა მსგავს საკითხებზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი