ვოლოდიმირ ზელენსკი - მაშინ, როცა რუსეთი მსოფლიოს უბიძგებს საბოლოო ომისკენ, უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა რუსული აგრესიის შემდეგ მსოფლიოში ვერავინ გაბედოს რომელიმე ერზე თავდასხმა
სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის პორტები შავ და აზოვის ზღვებში რუსეთის მიერ დაბლოკილია. ამ დრომდე ჩვენი პორტები მდინარე დუნაიზე რჩება რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნედ. ეს არის რუსეთის აშკარა მცდელობა, მოახდინოს სურსათის დეფიციტი გლობალურ ბაზარზე, ზოგიერთი, თუ არა ყველა, დაპყრობილი ტერიტორიის აღიარების სანაცვლოდ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იმ მსოფლიო ლიდერებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინულ „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას“ და პროგრამას „მარცვლეული უკრაინიდან“.
„გაერთიანებულებმა იარაღი ისევ საკვებად გადაგვექციეთ. 45-ზე მეტმა ქვეყანამ დაინახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინული საკვები პროდუქტების ბაზარზე ხელმისაწვდომობა. ალჟირიდან და ესპანეთიდან ინდონეზიასა და ჩინეთამდე. ახლაც, როდესაც რუსეთმა ძირი გამოუთხარა „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას“, ჩვენ ვმუშაობთ სურსათის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და იმედი მაქვს, რომ ბევრი თქვენგანი შემოგვიერთდება ამ ძალისხმევაში. ჩვენ გავუშვით დროებითი საზღვაო საექსპორტო დერეფანი ჩვენი პორტებიდან. ბევრს ვმუშაობთ, რომ შევინარჩუნოთ სახმელეთო მარშრუტები მარცვლეულის ექსპორტისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მსოფლიოს არაერთხელ უნახავს, რომ რუსეთი ენერგორესურსებს იარაღად იყენებს.
„კრემლმა გამოიყენა ნავთობი და გაზი სხვა ქვეყნების ლიდერების დასასუსტებლად. ახლა საფრთხე კიდევ უფრო დიდია.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბავშვების გატაცებისთვის პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ჩვენ ვცდილობთ, ბავშვები სახლში დავაბრუნოთ, მაგრამ დრო გადის. რა მოუვათ მათ? ამ ბავშვებს რუსეთში ასწავლიან უკრაინის სიძულვილს, მათ ოჯახებთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი აქვთ. ეს აშკარად გენოციდია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ხვალ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე „მშვიდობის ფორმულის“ დეტალებს წარადგენს.
„გასულ წელს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე წარვადგინე უკრაინის სამშვიდობო ფორმულის კონტურები. მოგვიანებით, ინდონეზიაში წარვადგინე სრული ფორმულა. გასული წლის განმავლობაში „მშვიდობის ფორმულა“ გახდა საფუძველი არსებული უსაფრთხოების არქიტექტურის განახლებისთვის. ხვალ დეტალებს გეტყვით გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე. ჩვენ ვამზადებთ გლობალურ სამშვიდობო სამიტს. მოგიწოდებთ ყველას, ვინც არ მოითმენთ არანაირ აგრესიას, ერთობლივად მოვამზადოთ სამიტი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა რუსული აგრესიის შემდეგ მსოფლიოში ვერავინ გაბედოს რომელიმე ერზე თავდასხმა.
„ბოროტების ნდობა არ შეიძლება. ჰკითხეთ პრიგოჟინს, დადებს თუ არა ფსონს პუტინის დაპირებებზე. დაე, ერთობამ ღიად გადაწყვიტოს ყველაფერი. მაშინ, როცა რუსეთი მსოფლიოს უბიძგებს საბოლოო ომისკენ, უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა რუსული აგრესიის შემდეგ მსოფლიოში ვერავინ გაბედოს რომელიმე ერზე თავდასხმა. შეიარაღება უნდა იყოს შეზღუდული. ომის დანაშაულები უნდა დაისაჯოს, დეპორტირებული ხალხი – სახლში, ოკუპანტი კი საკუთარ მიწაზე უნდა დაბრუნდეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.