ვოლოდიმირ ზელენსკი - მაია სანდუსთან სატელეფონო საუბრისას დნესტრისპირეთის ენერგოკრიზისის შესამსუბუქებლად უკრაინული ქვანახშირის გამოყენების საკითხი განვიხილეთ
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მაია სანდუმ სატელეფონო საუბრისას დნესტრისპირეთის ენერგოკრიზისის შესამსუბუქებლად უკრაინული ქვანახშირის გამოყენების საკითხი განიხილეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მოლდოვას, მათ შორის, ქვანახშირის მიწოდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ სანდუსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
„მნიშვნელოვანია სტაბილურობის შენარჩუნება და მოლდოვის ყველა მოქალაქისთვის მშვიდობიანი ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ლიდერები შეთანხმდნენ საერთო გადაწყვეტილებების მოძიებაზე ჰუმანიტარული კრიზისის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, მათ შორის ალტერნატიული ენერგოწყაროების გამოყენებით.
შეგახსენებთ, რუსულმა ტრანსნაციონალურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ, „გაზპრომმა“ მოლდოვას გაზის მიწოდება პირველი იანვრიდან შეუწყვიტა.