ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი მოკავშირეებს მზაობისთვის, მოგვაწოდონ ძალიან საჭირო ტანკები, ახლა მთავარია ტანკების მარაგის მოცულობა, მათი უკრაინაში მიწოდებისა და ჩვენი სამხედროების მომზადების სიჩქარე
ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი მოკავშირეებს მზაობისთვის, მოგვაწოდონ ძალიან საჭირო ტანკები, ახლა მთავარია ტანკების მარაგის მოცულობა, მათი უკრაინაში მიწოდებისა და ჩვენი სამხედროების მომზადების სიჩქარე

დღეს ძალიან კარგი ამბების დღეა უკრაინისთვის. არსებობს სატანკო კოალიცია. არსებობს გადაწყვეტილება ჩვენი თავდაცვისთვის თანამედროვე ტანკების მიწოდების დაწყებასთან დაკავშირებით. მადლობა ჩვენს ყველა მოკავშირეს მზაობისთვის, გადმოგვცენ თანამედროვე და ასე საჭირო ტანკები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიისა და აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერს, აშშ-ის პრეზიდენტს, ბაიდენსა და კონგრესს.

„პირადად ვუხდი მადლობას პრეზიდენტს ბაიდენს, მადლობა კონგრესს, ყველა ამერიკულ ოჯახს ამერიკის გლობალური ლიდერობის ხელშესახები ძალისთვის! მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა მოკავშირეს მათი მზაობისთვის, მოგვაწოდონ თანამედროვე და ძალიან საჭირო ტანკები.

ეს ყველაფერი ახლა მსოფლიოსთვის ადასტურებს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს, რომ თავისუფლება მხოლოდ ძლიერდება. ჩვენ ყველანი ერთიანნი ვართ, ვმუშაობთ თავისუფლების გასაძლიერებლად, უკრაინისა და ევროპის დასაცავად. ეს ახლა მომუშავე ლიდერების ისტორიული მიღწევაა. მთავარი ახლა არის სიჩქარე და მოცულობა. ჩვენი სამხედროების მომზადების სიჩქარე, უკრაინაში ტანკების მიწოდების სიჩქარე და ტანკების მარაგის მოცულობა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, რაც უფრო მეტ თავდაცვით მხარდაჭერას მიიღებენ ფრონტის ხაზზე მყოფი მებრძოლები, მით უფრო მალე დასრულდება რუსული აგრესია და უფრო საიმედო იქნება უსაფრთხოების გარანტიების უკრაინისთვის.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან საუბრისას მან უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების საკითხიც წამოჭრა.