უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებს ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას გაუზიარა მსოფლიო ლიდერებთან საუბრის დეტალები.
„ევროპას სჭირდება საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა, ისეთი, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი და აშენებული უსაფრთხოების ძლიერ გარანტიებზე“, – წერს ზელენსკი.
რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან საუბარს, ზელენსკის თქმით, მომავლის გეგმები და შესაძლებლობები განიხილეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოს როლი ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მხარდაჭერას, რომელიც ბრიტანელმა ხალხმა გამოავლინა უკრაინის მიმართ“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ამასთან, ზელენსკისთან სატელეფონო საუბარზე ავრცელებს ინფორმაციას კირ სტარმერის ოფისიც. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, სტარმერმა ზელენსკის განუცხადა, რომ ომის დროს არჩევნების შეჩერება სავსებით გონივრულია.
„პრემიერ-მინისტრმა გამოუცხადა მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის, როგორც უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ ლიდერს და თქვა, რომ სავსებით გონივრული იყო არჩევნების შეჩერება ომის დროს, როგორც ეს გააკეთა დიდმა ბრიტანეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს“, – ნათქვამია განცხადებაში.