ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევი მხარს დაუჭერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის წინადადებას
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევი მხარს დაუჭერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის წინადადებას

კიევი მხარს დაუჭერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტის წინადადებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ არ ჰქონია საუბარი ტრამპთან, თუმცა, მისი თქმით, უკრაინა ყოველთვის უჭერდა მხარს ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმის შეწყვეტას.

მისივე თქმით, აუცილებელია ყველა დეტალის გასაჯაროება, რაზეც მხარეები შეთანხმდნენ.

„ვფიქრობ, სწორი იქნება, ჩვენ გვქონდეს საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან და ვიცოდეთ დეტალები, რა შესთავაზეს რუსებმა ამერიკელებს ან რა შესთავაზეს ამერიკელებმა რუსებს. მას შემდეგ, რაც მივიღებთ დეტალებს ამერიკის პრეზიდენტისგან, ამერიკული მხრიდან, ჩვენ გავცემთ პასუხს და გუნდი მზად იქნება ტექნიკური საუბრებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველამ უნდა იმოქმედოს, რომ იყოს მდგრადი მშვიდობა.

„პრეზიდენტ ტრამპს თუ შეუძლია ზეწოლა დეტალებთან დაკავშირებით და ენერგეტიკასა და ზღვაზე დარტყმების შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუ ეს პირველი ნაბიჯია, ხოლო ჯერჯერობით სხვა ნაბიჯებს ვერ ვხედავთ, მაშინ გვითხრას დეტალები, როგორ გავაკეთებთ ამას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მხარე, სულ მცირე, ამერიკული და უკრაინული მხარე, მხარს დაუჭერს ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შემცირებისკენ. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ასეთ ნაბიჯებს მხარს დავუჭერთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას.

„ძალიან მინდოდა, რომ პრეზიდენტ ტრამპს მოესმინა და დაენახა, რა სურს პუტინს. პუტინს სურს რამდენიმე შეტევითი მოქმედების განხორციელება ზაპოროჟიეს მიმართულებით, აღმოსავლეთით, ხარკოვისა და სუმის მიმართულებით. რისთვის? იმისთვის, რომ მაქსიმალურად ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე და შემდეგ წამოაყენოს ულტიმატუმები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ კურსკის ოლქში დარჩენას. მისი თქმით, ისინი იქ დარჩებიან, ვიდრე კურსკის ოპერაცია საჭირო იქნება უკრაინისთვის.

გარდა ამისა, ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან მოსალოდნელი ტყვეთა გაცვლა. მისი თქმით, ტყვეების გაცვლის შესახებ ინფორმაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სატელეფონო საუბრამდე მიაწოდა.