ვოლოდიმირ ზელენსკი – ხანგრძლივი საუბარი მქონდა მიხაილო ფედოროვთან, ასევე ვესაუბრე ალექსანდრ სირსკის, არმიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შემუშავდება

00:08, 19.07.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, მიხაილო ფედოროვსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან საუბრები გამართა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, კონსულტაციები იმართება და არმიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები შემუშავდება.

„გუშინდელი და დღევანდელი დღე კონსულტაციებით იყო დატვირთული. რა თქმა უნდა, მესმის, რას ამბობს საზოგადოება. დღეს ხანგრძლივი საუბარი მქონდა მიხაილო ფედოროვთან. ასევე ვესაუბრე ალექსანდრ სირსკის. არმიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შემუშავდება. მადლობა ყველას, ვინც უკრაინაზე ზრუნავს. მადლობა ყველას, ვინც იცავს ჩვენს პოზიციებს ფრონტის ხაზზე, მადლობა მათ, ვინც ყველაფერს აკეთებს, რომ ომი დაბრუნდეს იქ, საიდანაც დაიწყო – რუსეთში“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ალექსანდრ სირსკის თანამდებობიდან გათავისუფლებას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ იპოვის ისეთ მეთაურს, რომელიც უფლებამოსილების შეუფერხებლად გადაბარებას და, ამავდროულად, ფრონტის ხაზის გასწვრივ საიმედო თავდაცვის შენარჩუნებას შეძლებს.

პარალელურად, უკრაინის დედაქალაქ კიევში, უკვე მესამე დღეა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის მხარდამჭერი აქცია იმართება. დემონსტრანტები ალექსანდრ სირსკის გადადგომას მოითხოვენ.

ცნობისთვის, მიხაილო ფედოროვმა 15 ივლისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, მედიასთან საუბრისას მან დაადასტურა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, ალექსანდრ სირსკისთან კონფლიქტი ჰქონდა.

მსგავსი