ვოლოდიმირ ზელენსკი - ჯეი დი ვენსთან საუბრისას შევთანხმდით, რომ აშშ-სა და ევროპასთან ერთად ვიმუშავებთ, რათა მშვიდობისკენ გზა განხორციელებადი გახდეს, დადებითად ვაფასებთ ყველა რეალისტურ წინადადებას
უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, არმიის მდივანს, დენ დრისკოლს და ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს ესაუბრა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“ წერს.
მისი თქმით, ჯეი დი ვენსსა და დენ დრისკოლთან საუბარი ერთ საათს გაგრძელდა.
„თითქმის ერთი საათის განმავლობაში ვესაუბრეთ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს და არმიის მდივანს, დენ დრისკოლს. შევძელით ამერიკული მხარის ომის დასრულების წინადადებების მრავალი დეტალის განხილვა და ვმუშაობთ იმაზე, რომ წინსვლის გზა იყოს ღირსეული და რეალურად ეფექტიანი ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. მადლობელი ვარ ყურადღებისთვის და როგორც ჩვენთან, ასევე ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის მზაობისთვის. შევთანხმდით, რომ, აშშ-სა და ევროპასთან ერთად, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე ვიმუშავებთ, რათა მშვიდობისკენ გზა მართლაც განხორციელებადი გახდეს.
უკრაინა ყოველთვის პატივს სცემდა და კვლავ სცემს პატივს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სურვილს, შეაჩეროს სისხლისღვრა, და ჩვენ დადებითად ვაფასებთ ყველა რეალისტურ წინადადებას. შევთანხმდით მუდმივ კონტაქტზე და ჩვენი გუნდები მზად არიან 24/7 რეჟიმში სამუშაოდ“, – წერს ზელენსკი.
მისივე თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბრისას აღინიშნა, რომ უკრაინას სურს ომის დასრულება და ღირსეული მშვიდობის მიღწევა.
„უკრაინელებს მსოფლიოში ყველაზე მეტად სურთ, ომი დასრულდეს, მკვლელობები შეწყდეს და მიღწეულ იყოს ღირსეული მშვიდობა. ჩვენ განვიხილეთ არსებული დიპლომატიური ვარიანტები და ამერიკული მხარის მიერ წარმოდგენილი გეგმა. მზად ვართ, სწრაფად და კონსტრუქციულად ვიმუშაოთ, რათა ის წარმატებით განხორციელდეს. ვახდენთ ჩვენი ერთობლივი შემდგომი ნაბიჯების კოორდინაციას“, – წერს ზელენსკი.