ვოლოდიმირ ზელენსკი - გვაქვს ინფორმაცია, რომ კიევში რუსეთის დივერსიული ჯგუფები შემოვიდნენ, მტერმა მთავარ სამიზნედ დამასახელა, შემდეგ კი ჩემი ოჯახი
ვოლოდიმირ ზელენსკი - გვაქვს ინფორმაცია, რომ კიევში რუსეთის დივერსიული ჯგუფები შემოვიდნენ, მტერმა მთავარ სამიზნედ დამასახელა, შემდეგ კი ჩემი ოჯახი

გვაქვს ინფორმაცია, რომ კიევში მტრის დივერსიული ჯგუფები შემოვიდნენ, ამიტომ ვთხოვ კიეველებს, ყურადღებით იყავით, დაიცავით კომენდანტის საათი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, მტერმა ის ნომერ პირველ სამიზნედ დაასახელა.

პრეზიდენტის თქმით, ვრცელდება ჭორი, თითქოს მან და მისმა ოჯახმა უკრაინა დატოვეს, მაგრამ, როგორც ზელენსკი აცხადებს, ისინი რჩებიან უკრაინაში და არსად წასვლას არ აპირებენ.

„ვრჩები სამთავრობო კვარტალში მათთან ერთად, ვინც საჭიროა იმისთვის, რომ ცენტრალურმა მთავრობამ იმუშავოს. ჩემი ოჯახი მოღალატე არ არის, ისინი უკრაინაში რჩებიან. თუმცა ახლა სად იმყოფებიან, ამის თქმის უფლება არ მაქვს. ჩვენი ინფორმაციით, მტერმა მე დამასახელა როგორც მთავარი სამიზნე, ჩემ შემდეგ კი ჩემი ოჯახი. მათ სურთ უკრაინის პოლიტიკურად განადგურება, მეთაურის განადგურებით“,- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს.

„დღეს ვკითხე ევროპის 27 ლიდერს, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში? ვკითხე პირდაპირ. ყველას ეშინია. არ მპასუხობენ. ჩვენ კი არაფრის გვეშინია. არ გვეშინია რუსეთის, არ გვეშინია რუსეთთან საუბრის. ყველაფერზე საუბრის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთოხოების გარანტიებზე და ნეიტრალიტეტზე (ჩვენ ხომ ახლა არ ვართ ნატო-ს წევრი) მაგრამ ჩვენ რა გარანტიები გვექნება?“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ჯარმა დღეს ბევრი რამ გააკეთა. მისივე განცხადებით, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 137 ადმიანი, დაჭრილია 316.