ვოლოდიმირ ზელენსკი - გაერო-ს სტრუქტურებში ტყუილი არ იქნება, სიტყვა „ომი“ გაჟღერდება მათ მოედნებზე, რადგან ეს სიმართლეა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს გაერო-მ თანამშრომლებს უკრაინის მოვლენებთან მიმართებით სიტყვა „ომის“ გამოყენება აუკრძალა.
ზელენსკის თქმით, მათ ოპერატიულად გაარკვიეს საკითხი და გაერო-ს სტრუქტურებში სიტყვა „ომი“ გაჟღერდება, რადგან ეს სიმართლეა.
„თქვენ შესაძლოა, ნახეთ დღევანდელი ინფორმაცია, თითქოს გაერო არ აღიარებს რუსეთის ინტერვენციას ომად. ვიცი, ამან ბევრი აღაშფოთა და არა მხოლოდ უკრაინაში. მე მადლობელი ვარ ჩვენი გუნდის. ჩვენ ყველაფერი გავარკვიეთ და სწრაფად მივიღეთ გარანტიები, რომ გაერო-ს სტრუქტურებში ტყუილი არ იქნება. არანაირი თამაში აგრესორთან არ იქნება. სიტყვა „ომი“ გაჟღერდება მათ მოედნებზე, რადგან ეს სიმართლეა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ მსოფლიოში უგულებელყოს ჩვენი ხალხის, ჩვენი ბავშვების ტანჯვა და მკვლელობა. დღეს, როდესაც სიტყვით გამოვდიოდი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე, ყველაზე საშინელი რიცხვი იყო 50 – 50 მოკლული უკრაინელი ბავშვი ომის 13 დღის განმავლობაში, ერთ საათში კი, ეს რიცხვი 52 გახდა. 52 ბავშვი. ამას არასდროს ვაპატიებ. ვიცი, რომ თქვენც არასდროს აპატიებთ ამას ოკუპანტებს ისევე, როგორც ხარკოვი, მარიუპოლი და ყველა სხვა ქალაქი“ , – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, გაერო-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დიუჟარიკმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ გაერო-ს ერთ-ერთ რეგიონულ წარმომადგენლობას არ უნდა გამოეშვა სამსახურებრივი წერილობითი მითითება, რომლითაც თანამშრომლებს აფრთხილებდა, არ გამოეყენათ სიტყვა „ომი“ ან „შეჭრა“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების აღსაწერად, რადგან ამისი ოფიციალური მითითებები არ არსებობს.
„გაერო-ს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ სიტყვა „ომი“ გამოიყენა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ისევე, როგორც მისმა მთავარმა პოლიტიკურმა მოადგილემ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ 8 მარტს, საღამოს რუსეთის ძალებმა ჟიტომირის ოლქში, ქალაქ კორბუტოვკაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც საერთო საცხოვრებელი დაინგრა.
„რით ემუქრებოდა რუსეთს საერთო საცხოვრებელი? ბირთვული სახელმწიფოს რომელ გეოპოლიტიკურ ინტერესებს უქმნიდა საფრთხეს? მარადიული ხსოვნა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ არაადამიანებმა მოკლეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 8 მარტს შეძლეს ქალაქ სუმიდან პოლატავამდე ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზება, თუმცა ოკუპანტები მაინც ისვრიან ევაკუაციის მარშრუტების მიმართულებით და ბლოკავენ პროდუქტებისა და წამლების მიწოდებას. ზელენსკიმ მხარდაჭერა გამოუცხადა ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკის, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქებს – ბერდიანსკსა და მელიტოპოლს, ასევე სხვა დასახლებულ პუნქტებს, სადაც უკრაინელები რუსეთის ძალებს წინააღმდეგობას უწევენ და ოკუპანტების წინააღმდეგ გამოდიან.
„იცოდეთ, ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ მადლობელი ვართ. ტვირთები მაინც წამოვა, რამდენჯერაც უნდა გააჩერონ გზაში. ჰუმანიტარული დერეფნები მაინც იმუშავებს და მხოლოდ დრო გაშორებთ თქვენ თავისუფლებისგან, მცირე დრო. გჯეროდეთ ამის. მე მჯერა და ძალიან მინდა ეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.