ვოლოდიმირ ზელენსკი – ფინეთისა და ნორვეგიის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინს განუცხადეს, რომ აუცილებელია რეალური ნაბიჯების გადადგმა დეესკალაციის მიმართულებით
ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადეს, რომ აუცილებელია რეალური ნაბიჯების გადადგმა უკრაინის ენერგეტიკული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების დეესკალაციისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერების მიერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებს თავადაც ესაუბრა.
ზელენსკის თქმით, სტუბსა და სტიორეს მადლობა გადაუხადა მათ მიერ მიწოდებული დეტალური ინფორმაციისთვის.
„მათ რუსეთის ხელმძღვანელს მტკიცედ განუცხადეს, რომ აუცილებელია რეალური ნაბიჯების გადადგმა დეესკალაციის მიმართულებით, კერძოდ, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. განვიხილეთ ნოემბერში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის მომზადება, რომელიც სამუშაო ჯგუფების დონეზე უნდა გაიმართოს – უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის მონაწილეობით. ფინეთსა და ნორვეგიას, როგორც რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყნებს, განსაკუთრებული ინტერესი აქვთ უსაფრთხოების სფეროში სწორი და საიმედო გადაწყვეტილებების მიღების მიმართ. ასევე განვიხილეთ ევროპელ პარტნიორებთან ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი, რომლებიც შეიძლება, სასარგებლო იყოს დიპლომატიის შემდგომი მხარდაჭერისთვის, ჩვენი თავდაცვისა და საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მშვიდობა უნდა დამყარდეს, დეესკალაცია აუცილებელია და რუსეთის მიერ ომის გაჭიანურება უნდა შეწყდეს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას“, – წერს ზელენსკი.