ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპულ ქვეყნებს ნამდვილად სურთ მშვიდობის მიღწევა, სამწუხაროდ, რუსეთისგან ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ სიგნალებს, რომ მათაც სურთ ომის დასრულება
დღეს ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, როდესაც საფრანგეთს და სხვა ევროპულ ქვეყნებს ნამდვილად სურთ მშვიდობის მიღწევა. სამწუხაროდ, რუსეთისგან ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ სიგნალებს, რომ მათაც სურთ ომის დასრულება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი და ევროპისა და ამერიკის კავშირი დაგვეხმარება რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაში, რათა გადავიდეთ ამ რთული საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტაზე, რომელიც ასე მნიშვნელოვანია უკრაინაში სიმშვიდისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთს SAMP-T-ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისთვის.
„დღეს ჩვენ გვექნება ორმხრივი შეხვედრა ჩვენს გუნდებთან, ხვალ კი გვექნება „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა, რომლის შედეგადაც, არ ვიცი, რომელ დღეს, მაგრამ ნამდვილად მოხდება – მივიღებთ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდა, რომელიც ხვალ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოწვევით გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.