ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთი „ორეშნიკის“ რაკეტით დარტყმისთვის ემზადება, ვამზადებთ საჰაერო თავდაცვას და თითოეულ დარტყმას ვუპასუხებთ, მსოფლიოსგან რეაგირებას ველოდებით

00:54, 24.05.2026

ჩვენმა სადაზვერვო სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია, მათ შორის, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან, რომ რუსეთი „ორეშნიკის“ რაკეტით დარტყმისთვის ემზადება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, აღნიშნულ ინფორმაციას ახლა ამოწმებენ.

„ჩვენ ვხედავთ უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის, კიევზე სხვადასხვა ტიპის შეიარაღების გამოყენებით კომბინირებული დარტყმისთვის მზადების ნიშნებს. ასეთი დარტყმისას, შესაძლოა, ეს საშუალო რადიუსზე მოქმედი იარაღიც გამოიყენონ. მნიშვნელოვანია, რომ, ამ საღამოდან მოყოლებული, საჰაერო განგაშის დროს პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ. რუსულ სიგიჟეს საზღვრები არ აქვს, ამიტომ გთხოვთ, დაიცავით თქვენი სიცოცხლე – გამოიყენეთ თავშესაფრები“, – აღნიშნავს ზელენსკი.

როგორც ზელენსკი აცხადებს, მსოფლიოსგან რეაგირებას ელოდება.

„ჩვენს პარტნიორებს შეერთებულ შტატებში და ევროპაში ვაცნობებთ, რომ ასეთი იარაღის გამოყენება და ამ ომის გახანგრძლივება ასევე ქმნის გლობალურ პრეცედენტს სხვა პოტენციური აგრესორებისთვის. რუსეთს ასეთი მასშტაბით სიცოცხლეების განადგურების უფლება თუ მიეცემა, მაშინ ვერანაირი შეთანხმება ვერ შეაჩერებს სხვა მსგავს, სიძულვილზე დაფუძნებულ რეჟიმებს აგრესიისგან და დარტყმებისგან. ჩვენ მსოფლიოსგან რეაგირების მოლოდინი გვაქვს არა ფაქტის შემდეგ, არამედ პრევენციული რეაგირების. საჭიროა ზეწოლა მოსკოვზე, რათა ომი არ გააფართოოს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, უკრაინა რუსეთის თითოეულ დარტყმას უპასუხებს.

„ჩვენ მაქსიმალურად ვამზადებთ ჩვენს საჰაერო თავდაცვას და სრულად, სამართლიანად ვუპასუხებთ რუსეთის თითოეულ დარტყმას. ჩვენ მივეცით რუსეთს აღლუმის ჩატარების ნებართვა, მაგრამ სიგიჟისთვის ნებართვა არ მიგვიცია. ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა ის რაკეტები, რომლებიც ერთი ინდივიდის ავადმყოფურ ამბიციებს აკმაყოფილებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც სიცოცხლის დაცვაში გვეხმარება. კიდევ ერთხელ გთხოვთ, იზრუნეთ საკუთარ თავზე და გამოიყენეთ თავშესაფრები ამ ღამით“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მსგავსი