ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ იარაღი, არამედ აგრესორისთვის სასამართლოც, სპეციალური ტრიბუნალის ამოქმედებისთვის რეალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ
ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ იარაღი, არამედ აგრესორისთვის სასამართლოც, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ზოგიერთი ადამიანი – და ეს გასაგებია – კითხულობს: რას შეცვლის ეს ტრიბუნალი? ხომ არ ჯობია, მხოლოდ იარაღზე, ტექნოლოგიაზე, დრონებზე გავამახვილოთ ყურადღება? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა, მკაცრი სანქციები და აგრესორზე პოლიტიკური ზეწოლა. დიახ, აგრესორი უნდა დამარცხდეს, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ სამართლიანობაც მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ომის დამნაშავეებს არსად ჰქონდეთ დასამალი – არც ევროპაში, არც სხვაგან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს ასევე სიგნალს გაუგზავნის სხვა რეჟიმებს, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ მსგავსი ქმედებების ჩადენა.
„სამართლიანობა უნდა იყოს ისეთი, რომ ყველასთვის, ვისაც აგრესიის ჩადენა სურს, ცხადი იყოს, რომ პასუხისმგებლობა აუცილებლად დაეკისრებათ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმების ამოქმედების მიზნით დამატებითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
„ტრიბუნალის შექმნის შესახებ დღევანდელი შეთანხმება მხოლოდ დასაწყისია. ახლა ჩვენ რეალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ მისი ამოქმედების მიზნით. საჭიროა ძლიერი პოლიტიკური თანამშრომლობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა რუსი დამნაშავე, მათ შორის პუტინი, სასამართლოს წინაშე წარდგეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, უკრაინამ და ევროპის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.