ვოლოდიმირ ზელენსკი - ბრიტანეთის მთავრობის მიერ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით კიევმა ლონდონს საკუთარი პოზიცია უკვე გადასცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ბრიტანეთის მთავრობის მიერ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით კიევმა ლონდონს საკუთარი პოზიცია უკვე გადასცა

ბრიტანეთის მთავრობის მიერ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით კიევმა ლონდონს საკუთარი პოზიცია უკვე გადასცა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს დიდ ბრიტანეთთან სანქციების საკითხზე აქტიური კომუნიკაცია აქვს.

„ეს ძალიან დელიკატური საკითხია და ამასთან დაკავშირებით ბევრი დისკუსია გაიმართა როგორც მედიაში, ისე პოლიტიკურ წრეებში. ჩვენ ლონდონს ჩვენი სიგნალები გადავეცით და ველოდებით, რომ ამ კვირაში ეს საკითხი ორმხრივ დონეზე დეტალურად განიხილება. სანქციები – როგორც ჩვენი, ისე პარტნიორების ეკონომიკური და პოლიტიკური შეზღუდვები, ყველაზე ეფექტური ზეწოლის მექანიზმია რუსეთზე, რათა რუსეთში გაჩნდეს ამ ომის დასრულების სურვილი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უახლოეს კვირებში აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების იმედი აქვს, მათ შორის ევროპული ქვეყნების შესაძლო მონაწილეობით.

ზელენსკის თქმით, უკრაინულ დელეგაციას ამერიკულ მხარესთან „კარგი კონტაქტები“ ჰქონდა როგორც უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის, ისე რუსეთთან დაკავშირებული დიპლომატიური საკითხების მიმართულებით.

„თუ უახლოეს კვირებში შესაძლებელი გახდება შინაარსიანი სამმხრივი კომუნიკაციის აღდგენა და პროცესში ევროპელების ჩართვაც მოხერხდება, ეს სწორი შედეგი იქნება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინა მზად არის შესაბამისი ნაბიჯებისთვის და იმედოვნებს, რომ პარტნიორებიც მზად იქნებიან, ხოლო რუსეთი მოლაპარაკებებს თავს არ აარიდებს.