ვოლოდიმირ ზელენსკი – ბრძოლის ველზე ივლისში 30 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაიჭრა
ივლისში ბრძოლის ველზე დაახლოებით 30 272 რუსი სამხედრო დაიღუპა ან მძიმედ დაიჭრა, – ამის შესხებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ფრონტის ხაზზე არსებული „ტენდენცია“ უცვლელია.
„საჰაერო თავდაცვა კვლავ მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, ჩვენმა პარტნიორებმა მოუსმინონ უკრაინას და იცოდნენ, რომ საჰაერო თავდაცვისთვის განკუთვნილი დახმარების თითოეული პაკეტი რეალურად იცავს ადამიანების სიცოცხლეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა აგრძელებს მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებსა და პარტნიორებთან, ასევე მუშაობს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაზე.
მისივე თქმით, უკრაინა მზად არის შეხვედრებისთვის ნებისმიერი ფორმატით და ელოდება, რომ აშშ-ის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი აგვისტოში აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში.
„ჩვენ ყოველდღიურად ვუკავშირდებით პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებს და ეს მნიშვნელოვანია. ვმუშაობთ, რომ შეიქმნას ახალი გარემოებები, რომლებიც რეალური დიპლომატიის შესაძლებლობას გააჩენს. ჩვენ მზად ვიქნებით შეხვედრებისთვის ნებისმიერ ფორმატში. ასევე გრძელდება მუშაობა სხვა პარტნიორებთან, განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ქვეყნებთან, რომლებსაც შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ ჩვენს დიპლომატიურ ძალისხმევას და უსაფრთხოების საჭიროებებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიზანი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა.
„ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უკვე დაიწყო და ეს მხოლოდ ბიუროკრატიული პროცედურა არ არის. ეს არის რეალური ნაბიჯი იმ მომენტისკენ, როდესაც შევძლებთ ვთქვათ, რომ უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ხდება. გვჯერა, რომ შეგვიძლია ეს პროცესი ისე წარვმართოთ, რომ უკრაინის გაწევრიანება სპეციალური, დაჩქარებული გზით განხორციელდეს. მე სწორედ ასეთი დაჩქარებული გაწევრიანების პროგრამის იმედი მაქვს, რომელიც უნდა გახდეს მთავრობის სამოქმედო პროგრამის ნაწილი. უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანება და, ასევე, ევროკავშირისთვის უკრაინის გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკასა და ეკონომიკას არ ეხება. არც მხოლოდ სოციალურ საკითხებს. ეს ასევე ეხება უსაფრთხოებას. ჩვენ, ყველას გვსურს ევროატლანტიკური ერთიანობის შენარჩუნება. მისი შენარჩუნების საუკეთესო გზაა, რომ ევროპა გახდეს უფრო დამოუკიდებელი და ძლიერი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ევროკავშირს მხოლოდ უკრაინასთან ერთად შეუძლია და უნდა ჰქონდეს უნარი, რომ ყველა სახის საფრთხისგან თავი დაიცვას.