ვოლოდიმირ ზელენსკი - ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა მუდმივი ნარატივი გახდა რუსი მაღალჩინოსნებისგან, ეს ადასტურებს, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება
ვოლოდიმირ ზელენსკი - ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა მუდმივი ნარატივი გახდა რუსი მაღალჩინოსნებისგან, ეს ადასტურებს, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ უკანონო რეფერენდუმთან დაკავშირებით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვიდეოკონფერენციის ფორმატში, სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მხრიდან, ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მუქარა ადასტურებს, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება და ის იზოლირებული უნდა იყოს ცივილიზებული სამყაროსგან.

„ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა მუდმივი ნარატივი გახდა რუსი მაღალჩინოსნებისა და პროპაგანდისტებისგან. ეს ადასტურებს, რომ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება, რამდენადაც არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება მსოფლიოში, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხისგანაც კი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არ შეიძლება რუსეთი რჩებოდეს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად, რომელსაც ვეტოს უფლება აქვს, იმ დროს, „როდესაც გენოციდს ახორციელებს და მსოფლიოს რადიაციული კატასტროფისგან ერთი ნაბიჯი აშორებს.“

ზელენსკის თქმით, რუსეთი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციიდან უნდა გარიცხონ.