ვოლოდიმირ ზელენსკი - აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა შემოგვთავაზეს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის ორგანიზება, ეს მისასალმებელია
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმება აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტების შეთავაზებას, რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის ორგანიზების თაობაზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ილჰამ ალიევმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა შემოგვთავაზეს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის ორგანიზება. ეს მისასალმებელია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ იბრძოლებენ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება ქვეყნის გათავისუფლებას.
„ჩვენ ღირსეულ პასუხს ვაძლევთ. დარწმუნებული ვარ, ამას ხედავთ ახალ ამბებში და მხოლოდ ერთი რამ მინდა, გითხრათ – ჩვენ ვიბრძოლებთ იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება ქვეყნის გათავისუფლებას. თუ ბავშვები უკვე თავშესაფარში იბადებიან, მიუხედავად იმისა, რომ დაბომბვები გრძელდება, მაშინ მტერს არანაირი შანსი არ აქვს ამ უდაოდ სახალხო ომში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.