ვოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-თან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17 ან 18 თებერვალს გაიმართება, განვიხილავთ ტერიტორიულ საკითხებს
აშშ-სთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 17 ან 18 თებერვალს გაიმართება, განვიხილავთ ტერიტორიულ საკითხებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიიღო აშშ-ის შეთავაზება მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის ჩატარების შესახებ, მაგრამ არ იცის, შეუერთდება თუ არა მას რუსეთის დელეგაცია.
ზელენსკის თქმით, ამ შეხვედრის დღის წესრიგში ტერიტორიული საკითხები იქნება, პირველ რიგში, აშშ-ის წინადადება დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კონფლიქტის ორივე მხარე სკეპტიკურად არის განწყობილი ამ ვარიანტის მიმართ.
„არცერთი მხარე არ უჭერს მხარს თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის იდეას – არც რუსები და არც ჩვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. და შევთანხმდით შემდეგზე: ამ საკითხს შემდეგ შეხვედრაზე დავუბრუნდებით ხედვით, თუ როგორი შეიძლება, იყოს ეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკი მოითხოვს, რომ აშშ-მა ნათლად გამოხატოს თავისი პოზიცია იმის შესახებ, თუ ვინ გააკონტროლებს ამ ზონას.
„თუ ეს ჩვენი ტერიტორიაა – და ეს ჩვენი ტერიტორიაა – მაშინ ის უნდა მართოს ქვეყანამ, რომელსაც ის ეკუთვნის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, მომლაპარაკებელთა ჯგუფებმა, შეიძლება, განიხილონ ეკონომიკური საკითხები და ამ მიზნით, დელეგაციაში შევა ეკონომიკის მინისტრი ალექსეი სობოლევი.
ამასთან, ზელენსკის თქმით, 4-5 თებერვალს, აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის მექანიზმებს ეხებოდა, თუმცა მხარეებმა დეტალებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ზელენსკის განცხადებით, დისკუსიების დროს გაირკვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ შემთხვევაში აშშ-ის მონიტორინგი იქნებოდა საჭირო, თუმცა დეტალები ჯერ არ არის შემუშავებული.
„რუსებს ერთი ფორმულირება აქვთ, ჩვენ – მეორე, ხოლო ამერიკელებს – მესამე. არსებობს შეთანხმება, რომ მონიტორინგი განხორციელდება, მაგრამ ასევე არსებობს შეთანხმება, რომ ფორმულირებები და დეტალები საბოლოოდ უნდა დაზუსტდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.