ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-სა და ევროპის მხრიდან საჭიროა ძლიერი რეაქცია, დიდი ხანია, მაგიდაზე დევს აშშ-ის შეთავაზება ცეცხლის უპირობო შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთისგან ადეკვატური პასუხის გარეშე
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-სა და ევროპის მხრიდან საჭიროა ძლიერი რეაქცია, დიდი ხანია, მაგიდაზე დევს აშშ-ის შეთავაზება ცეცხლის უპირობო შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთისგან ადეკვატური პასუხის გარეშე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ელოდება ამერიკისა და ევროპის სერიოზულ რეაქციას რუსეთის იერიშებზე, რაც ძირს უთხრის ომის დასრულების საერთაშორისო ძალისხმევას. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში ისაუბრა.

უკრაინის ლიდერის თქმით, უკვე ზედმეტად დიდი ხანია, მაგიდაზე დევს ამერიკის შეთავაზება ცეცხლის უპირობო შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან ადეკვატური პასუხის გარეშე.

„გასული ღამით იყო 172 საბრძოლო დრონი, საიდანაც 100-ზე მეტი იყო „შაჰედი“. უპილოტოების ასეთი მასშტაბური დარტყმები, ასევე სარაკეტო, ბალისტიკური საფრთხეები ფაქტობრივად ყოველდღიურია. პარტნიორებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ რუსეთის ეს დარტყმები ხორციელდება არა მხოლოდ ჩვენს ხალხზე, არამედ მთელ საერთაშორისო ძალისხმევაზე, დიპლომატიაზე, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ ამ ომის დასრულებას. რუსეთი ამ დარტყმებს ახორციელებს ყველას პოზიციებზე, ვისაც ომის დასრულება სურს. შეუძლებელია ყოველ ღამით ასობით „შაჰედის“ უგულებელყოფა. ჩვენ სერიოზულ რეაქციას ველოდებით. ვმუშაობთ რეაქციაზე. ძლიერი რეაქცია ძალიან საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის, ევროპის და მსოფლიოში ყველას მხრიდან, ვინც ფსონი დიპლომატიაზე დადო. რუსეთს უნდა ვაიძულოთ მშვიდობა და მხოლოდ იძულება იმუშავებს. უკვე ზედმეტად დიდი ხანია, მაგიდაზე დევს ამერიკის შეთავაზება ცეცხლის უპირობო შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან ადეკვატური პასუხის გარეშე. უკვე შეიძლებოდა ცეცხლის შეწყვეტა, რუსეთზე რომ ნამდვილი ზეწოლა განხორციელებულიყო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ახალ სასანქციო გადაწყვეტილებებზე მუშაობენ. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავარსარდალ სირსკისთან ფრონტზე არსებული სიტუაცია განიხილა.

„ჩვენ ვინარჩუნებთ აქტივობას, რომელიც არ აძლევს ოკუპანტს სუმისა და ასევე ჩვენი ხარკოვის ოლქის ტერიტორიაზე შესვლას. მადლობას ვუხდი სიმტკიცისთვის ყველა ჩვენს დანაყოფს – კურსკიდან სამხრეთის მიმართულებამდე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.