ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ ძლიერი ქვეყანაა, რა თქმა უნდა, გვინდოდა, ისინი ჩვენს მხარეს უფრო მეტად ყოფილიყვნენ, მათ ორივე მხარეს ზეწოლა დაიწყეს და ჩვენ ამ იდეას მხარი დავუჭირეთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ ძლიერი ქვეყანაა, რა თქმა უნდა, გვინდოდა, ისინი ჩვენს მხარეს უფრო მეტად ყოფილიყვნენ, მათ ორივე მხარეს ზეწოლა დაიწყეს და ჩვენ ამ იდეას მხარი დავუჭირეთ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას სურდა, სამშვიდობო გეგმაზე მუშაობისას აშშ-ს უფრო მეტად უკრაინის პოზიცია დაეჭირა. ამის შესახებ ზელენსკიმ ირლანდიაში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკა ძლიერი ქვეყანაა, ხოლო რუსეთის ლიდერი ახლა ეძებს გზებს, რომ ეს ომი არ დაასრულოს.

„ჩვენ ახლა იმედს ვამყარებთ ამერიკის მხრიდან ზეწოლასა და მსოფლიოს ხალხებზე. აშშ ძლიერი ქვეყანაა. მათ თქვეს, რომ ამ გეგმაზე უნდა იმუშაონ და ორივე მხარეზე ზეწოლას მოახდენენ. რა თქმა უნდა, გვინდოდა, ისინი ჩვენს მხარეს უფრო მეტად ყოფილიყვნენ. მათ ორივე მხარეს ზეწოლა დაიწყეს და ჩვენ ამ იდეას მხარი დავუჭირეთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პოზიტიურად არის განწყობილი სამშვიდობო ძალისხმევის მიმართ. მისივე თქმით, მათ არა მხოლოდ იმედი აქვთ მშვიდობის, არამედ ყოველდღიურად მუშაობენ ამისთვის.

„ჩემს სიტყვებში გარკვეული ოპტიმიზმი იყო, რაც განპირობებული გახლდათ მოლაპარაკებების გარკვეული სისწრაფით და ამერიკული მხარის დაინტერესებით. ამან აჩვენა, რომ ამერიკა ახლა არ თმობს დიალოგის არცერთ დიპლომატიურ გზას და ეს კარგია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ ასევე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტზე და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს არ სურს ომის დასრულება.

„მას ნამდვილად არ სურს ამ ომის დასრულება, რადგან მან ვერ მიაღწია იმ მიზნებს, რაც ამ აგრესიის დასაწყისში სურდა. მას სურდა ჩვენი სრულად განადგურება, ჩვენი თავისუფლების, ჩვენი ხალხის, მაგრამ ის გაკვირვებული დარჩა. ყველას, ვინც მას იცნობს და არ იცნობს, ესმის, რომ მას არ მიუღწევია იმ მიზნებისთვის, რაც სურდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.