ვოლოდიმირ ზელენსკი - არსებობს ნიშნები, რომ ტყვეთა გაცვლის გაგრძელება შესაძლებელია, ეს იქნება ძალიან კარგი ამბავი და დადასტურება, რომ დიპლომატია მუშაობს, ვიმედოვნებთ, ეს გამოვა
აშშ-ში გამართული მოლაპარაკებების მეორე დღის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არსებობს სიგნალები უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის შესაძლო გაგრძელებაზე.
ზელენსკის თქმით, უკრაინის მომლაპარაკებელთა გუნდის დაბრუნების შემდეგ დეტალურად განიხილავენ შეხვედრების ყველა ასპექტს, რადგან ზოგიერთი საკითხის ტელეფონით უსაფრთხოდ განხილვა შეუძლებელია.
„არსებობს ნიშნები, რომ გაცვლის გაგრძელება შესაძლებელია და ეს ნამდვილად ძალიან კარგი ამბავი და დადასტურება იქნება იმისა, რომ დიპლომატია მუშაობს. ვიმედოვნებთ, ეს გამოვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მოისმინა მოხსენება ფლორიდაში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების შესახებ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მთავარი ყურადღება ამ პერიოდში ირანის გარშემო არსებულ ვითარებაზეა გადატანილი, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაც აუცილებელია.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აგრესორმა არ უნდა მიიღოს „ჯილდო“ ომისთვის და უსაფრთხოების გარანტიები საკმარისად ძლიერი უნდა იყოს, რათა მომავალში ომის განმეორება არ მოხდეს.
ზელენსკის თქმით, საერთო ჯამში „სიტუაცია საკმაოდ გამჭვირვალეა“ და „პუტინს არ სურს ომის დასრულება“.
„მთავარია ის, რა სურს მსოფლიოს. ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რათა ეს ომი დასრულდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.