ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით სიტუაცია საშიშია
ვოლოდიმირ ზელენსკი - ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით სიტუაცია საშიშია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით სიტუაცია საშიშია. ზელენსკი აღნიშნავს, რომ ახლა როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე უკრაინისთვისაც რთული პერიოდია.

„სიტუაცია შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით საშიშია. დიახ, ეს რთული პერიოდია შეერთებული შტატებისთვის და, რა თქმა უნდა, რთული პერიოდია უკრაინისთვის, მაგრამ ფართომასშტაბიანი ომის პირველი დღეებიდან ჩვენ არ გვქონდა დროის იოლი მონაკვეთი, ამიტომ მზად ვართ ნებისმიერი რთული პერიოდისთვის. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია – ევროპა და შეერთებული შტატებიც მზად უნდა იყვნენ ამ პერიოდში ერთად სამუშაოდ, რომ არ დავკარგოთ ეს ერთიანობა“, – განაცხადა ზელენსკიმ გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და კონგრესს მხარდაჭერისთვის.

„მადლობელი ვარ პრეზიდენტი ჯო ბაიდენის, კონგრესის, ვიცი, რომ ჩვენ გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა. ვხედავ არსებულ გამოწვევებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შეერთებული შტატები და ევროპა კვლავ უკრაინასთან ერთად იქნებიან და ვფიქრობ, შევძლებთ ამ კრიზისიდან გამოსვლას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.