ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელებმა იკითხეს, თუ უკრაინა ნატო-ში შევა, გავა დონბასიდან? მე არაერთხელ მითქვამს, უკრაინა უკან არ იხევს და თავის მიწებს ტერორისტებს არ დაუთმობს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე ამერიკულმა მხარემ უკრაინას ჰკითხა, მზად იქნებოდა თუ არა ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ დონბასის ნაწილიდან ჯარების გაყვანისთვის.
„არაერთხელ მითქვამს: უკრაინა უკან არ იხევს და თავის მიწებს ტერორისტებს არ დაუთმობს. ამერიკელებმა იკითხეს: „თუ უკრაინა ნატოში შევა, დონბასიდან გავა?” ეს პირველად იყო. პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ უსაფრთხოების ისეთ კომპლექსურ პაკეტზე, რომელიც მოლაპარაკებებისას შეიძლება შემოგვთავაზონ: ნატო-სა და ევროკავშირის კონკრეტული უსაფრთხოების გარანტიები, ძლიერი უკრაინული არმია, ანუ სათანადო რაოდენობის ჯარისკაცები, იარაღი და გარკვეული ვადით ფინანსური დახმარება, ასევე, აღდგენის გეგმა“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, თუ ამერიკული მხარე ამას ნატო-ს სხვა წევრებთან ერთად დაადასტურებს, მაშინ ის საზოგადოებას ჰკითხავს, მიიღოს თუ არა ეს წინადადება.