ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელებისა და რუსების საუბარი ეხება არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, არამედ ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დუბლინში, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) მეცხრე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა აბუ დაბიში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებზე, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ევროპის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მიმდინარე დისკუსიებზე, რუსეთის მხრიდან დეესკალაციაზე უარის თქმაზე, ფრონტზე არსებულ ტექნიკურ გამოწვევებსა და უკრაინის პრიორიტეტულ საჭიროებებზე.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპის ჩართულობა ამ პროცესში კარგია, თუმცა აუცილებელია, ევროპა მოლაპარაკებების მუდმივ სრულფასოვან მონაწილედ იქცეს. ზელენსკის თქმით, უკრაინული დელეგაციისგან მიღებული ინფორმაციით, აბუ დაბიში საუბრები სერიოზული იყო და ორ მთავარ საკითხს შეეხო: ტყვეთა გაცვლასა და უსაფრთხოების გარანტიებს. თუმცა პრეზიდენტმა ევროპელი ლიდერები გააფრთხილა, რომ ამერიკულ-რუსული დისკუსიები უკრაინის ფარგლებს სცდება.
„როდესაც ამერიკელები და რუსები ამაზე საუბრობენ, საქმე ეხება არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ეს უფრო ეხება ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების რაღაც ახალ ჩარჩოს. ჩვენთვის ეს მიდგომა ცოტა უცნაურია, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 30 წლის განმავლობაში ევროპა რუსეთს კარგად ეპყრობოდა, ცდილობდა, ჰქონოდა მაქსიმალური ვაჭრობა, თანამშრომლობა და კარგი ურთიერთობა. პუტინის ომები, სინამდვილეში, მხოლოდ მის დამოკიდებულებას უკავშირდება სხვების მიმართ და არა ევროპასთან რაიმე ისეთ მუდმივ დაპირისპირებას, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენ ველოდებით მეტ დეტალს და ევროპამ ამას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად კიევის მორიგი მცდელობისა, მიეღწიათ შეთანხმებისთვის შავ ზღვაში დეესკალაციისა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მათ ამ საკითხების განხილვის უფლებამოსილება არ ჰქონდათ.
„ის, რაც ჩვენმა დელეგაციამ პასუხად მოისმინა, იყო, რომ რუსეთის ბოსი გაბრაზებულია და დარტყმების გაგრძელება სურს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი ენერგეტიკას ყოველთვის ბრძოლის ველად აღიქვამდა და ახლაც ცდილობს, ყოველ ზამთარს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს უკრაინას. ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ არსებობს რეალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პუტინმა თავის უახლოეს გარემოცვას პირდაპირ უთხრა, რომ უკრაინის დიდ ქალაქებში – კიევში, დნიპროში, ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ოდესასა და ხერსონში სიცოცხლის განადგურება სურს.
ფრონტზე არსებული ვითარების შეფასებისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის პოზიციები ძლიერია, თუმცა ყურადღება გაამახვილა სერიოზულ ტექნიკურ პრობლემაზე, რომელიც ამერიკულ სისტემას, Starshield-ს უკავშირდება. მისი თქმით, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე Starshield-ზე კვლავ ამოქმედდა სიჩქარის შეზღუდვა, რაც უკრაინულ გამანადგურებელ დრონებს რუსული რეაქტიული „შაჰედების“ დაწევისა და ჩამოგდების საშუალებას არ აძლევს.
„ამის გამო უფრო მეტი რუსული დარტყმა აღწევს მიზანს და უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე იღუპება. ვცდილობთ, ამერიკული მხარისგან დეტალები გავარკვიოთ, ჯერჯერობით ცოტა რამ ვიცით, მაგრამ ზოგიერთი რამ უკვე ნათელია. ამერიკაში ვიღაც თუ იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის ტერიტორიას ისე ეპყრობა, თითქოს ის უკრაინული არ იყოს, ეს გვიჩვენებს, საით მიდის საქმე. ჩვენ მკაფიოები უნდა ვიყოთ და არასდროს, არანაირი ფორმით არ უნდა ვაღიაროთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
გამოსვლის დასასრულს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს კონკრეტული მიმართულებებით მხარდაჭერისკენ მოუწოდა: საჰაერო თავდაცვა, კერძოდ, სთხოვა რაკეტები Patriot-ისა და NASAMS-ის სისტემებისთვის, ასევე საბრძოლო მასალა F-16-ის ტიპის გამანადგურებლებისთვის, რომლებსაც უკრაინა რუსული რეაქტიული დრონების ჩამოსაგდებად იყენებს.
ზელენსკიმ ასევე მოუწოდა დაზიანებული ენერგოობიექტების აღსადგენი აღჭურვილობის გადაცემისკენ უკვე ნოემბერში და სპეციალური დახმარების მიღებისკენ დიდი ქალაქების მედეგობის გეგმების განსახორციელებლად; უკვე გახსნილი 4 მოლაპარაკებების კლასტერის შემდეგ, წლის ბოლომდე ყველა, 6-ვე კლასტერის გახსნისკენ, რაც უკრაინელ ხალხს იმედსა და მოტივაციას მისცემს. უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა ზეწოლის გაძლიერებისკენ რუსეთის ბალისტიკური რაკეტების, დრონებისა და კომუნიკაციის სისტემების წარმოების ჯაჭვზე, ასევე რუსულ ნავთობმზიდ ფლოტსა და საფინანსო ინსტიტუტებზე.