ვოლოდიმირ ზელენსკი - ამჟამად კრიტიკულ მომენტში ვართ, მჭიდროდ ვაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან და ვეძებთ კომპრომისებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ამჟამად კრიტიკულ მომენტში ვართ, მჭიდროდ ვაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან და ვეძებთ კომპრომისებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევი აშშ-ის სამშვიდობო წინადადებებზე მუშაობას პარტნიორებთან გააგრძელებს.

შვედეთში გამართულ ყირიმის პლატფორმის სამიტზე დისტანციურად მიმართვის დროს ზელენსკიმ განაცხადა, რომ ცდილობს, შეერთებულ შტატებთან კომპრომისებს მიაღწიოს, რომელიც უკრაინას, დასუსტების ნაცვლად, გააძლიერებს.

„ამჟამად ჩვენ კრიტიკულ მომენტში ვართ და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შეერთებულ შტატებთან, ევროპელ პარტნიორებთან, ბევრ სხვასთან, რათა განვსაზღვროთ ნაბიჯები, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ომის დასრულება უკრაინის წინააღმდეგ და რეალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველანი ვაგრძელებთ მუშაობას პარტნიორებთან, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებთან და ვეძებთ კომპრომისებს, რომლებიც გვაძლიერებს, მაგრამ არ გვასუსტებს“, – განაცხადა მან.

ზელენსკის თქმით, ევროპაში საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით არ უნდა მოხდეს და აგრესორმა ომის დაწყების გამო ფასი უნდა გადაიხადოს.

„უმნიშვნელოვანესია იმ პრინციპების მხარდაჭერა, რომლებზეც ევროპა დგას: საზღვრები, არ შეიძლება, შეიცვალოს ძალით; ომის დამნაშავეები არ უნდა გაექცნენ სამართლიანობას და აგრესორმა სრულად უნდა გადაიხადოს მის მიერ დაწყებული ომისთვის. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი რუსული აქტივების შესახებ გადაწყვეტილებები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.