ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლა უკრაინის ბევრ რეგიონში შეგიძლიათ გაიგოთ, რა სჭირდება რუსეთს, დაახლოებით 40 „შაჰედი“ ჩვენს ცაშია, ასეთი ღამის თავდასხმები ანადგურებს ჩვენს ენერგეტიკას, ინფრასტრუქტურას
ახლა უკრაინის ბევრ რეგიონში შეგიძლიათ გაიგოთ, რა სჭირდება რუსეთს, დაახლოებით 40 „შაჰედის“ ტიპის დრონი ჩვენს ცაშია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატები ფიქსირდება კიევის, ჟიტომირის, სუმის, ჩერნიგოვის, პოლტავის, ხარკოვის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკისა და ჩერკასის რეგიონებში.
„სამწუხაროდ, იყო დარტყმები, კონკრეტულად სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. „შაჰედის“ დრონის პირდაპირი დარტყმა საავადმყოფოზე სუმიში, დარტყმები დონეცკის რეგიონის ქალაქებზე, დრონები კიევის, ჟიტომირის, სუმის, ჩერნიგოვის, პოლტავის, ხარკოვის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის და ჩერკასის რეგიონების ცაში. სწორედ რუსეთის ასეთი ღამის თავდასხმები ანადგურებს ჩვენს ენერგეტიკას, ჩვენს ინფრასტრუქტურას და უკრაინელების ნორმალურ ცხოვრებას. ფაქტი, რომ ეს ღამე არ არის გამონაკლისი, აჩვენებს, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს მშვიდობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა, ფაქტობრივად, უარყო წინადადება ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ. ზელენსკის თქმით, მსოფლიოს მხრიდან სწორი იქნებოდა, უარი ეთქვა პუტინის ნებისმიერ მცდელობებზე ომის გახანგრძლივების შესახებ.
„სანქციები რუსეთის წინააღმდეგ; უკრაინისთვის დახმარება; მოკავშირეების გაძლიერება თავისუფალ მსოფლიოში და უსაფრთხოების გარანტიებისკენ სვლა; მხოლოდ რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების რეალურმა შეწყვეტამ, როგორც ამ ომის დასრულებისთვის მზადყოფნის დასტურმა, შეიძლება მიგვაახლოოს მშვიდობასთან“, – წერს ზელენსკი.