ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლა გვჭირდება გლობალური წესები, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იარაღში, ეს ისეთივე სასწრაფოა, როგორც ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენცია

18:52, 24.09.2025

ჩვენ ახლა გვჭირდება გლობალური წესები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იარაღში და ეს ისეთივე სასწრაფოა, როგორც ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, იარაღი წყვეტს, ვინ გადარჩება.

„გუშინ პრეზიდენტი ტრამპი იდგა აქ, ამ დარბაზში. უფალმა გადაარჩინა ის მკვლელობის მცდელობისგან. საარჩევნო კამპანიის დროს მას იარაღიდან ესროლეს და სანტიმეტრმა იხსნა მისი სიცოცხლე. სულ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტი, ასობით ათას ამერიკელთან ერთად, პატივს მიაგებდა ჩარლი კირკის ხსოვნას. სამწუხაროდ, მისი სოცოცხლე ტყვიამ შეწყვიტა. ისევ ძალადობამ ავტომატით ხელში. ჩვენ, ასევე, ვიგლოვეთ უკრაინელი ქალი ირინა ზარუცკა, რომელიც სასტიკად მოკლეს დანით აქ, ამერიკაში, იმ ქვეყანაში, სადაც ის რუსეთის ომისგან თავშესაფარს ეძებდა. თითქმის ყოველდღე, როდესაც ახალ ამბებს ვხსნით, ვხედავთ სათაურებს ძალადობრივი თავდასხმების შესახებ, რომლებიც მთელ მსოფლიოში ხდება. მათი უმეტესობა იარაღით ხდება. ხალხი უკვე შეჩვეულია, მაგრამ იარაღი უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენი თავდაცვის უნარი. ახლა ათიათასობით ადამიანია, ვინც იცის, როგორ მოკლას პროფესიონალურად დრონების გამოყენებით. ასეთი თავდასხმის შეჩერება უფრო რთულია, ვიდრე ნებისმიერი იარაღის, დანის ან ბომბის შეჩერება. ეს არის ის, რაც რუსეთმა მოიტანა თავისი ომით. ადრე მხოლოდ უძლიერეს ქვეყნებს შეეძლოთ დრონების გამოყენება, რადგან ისინი ძვირი და რთული იყო. ახლა კი მარტივ დრონებსაც შეუძლიათ ათასობით კილომეტრის მანძილზე ფრენა. საომარ ტექნოლოგიებს აღარ აინტერესებს გეოგრაფია. ახლა ის ცვლის მას.

ახლახან ევროპის აეროპორტებს დრონების გამო დახურვა მოუწიათ. ხელისუფლებებმა ვერც კი თქვეს, რა სახის დრონები იყო ეს, ვინ გამოგზავნა ისინი ან საიდან. გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეამ ტაქტიკური დრონის გამოცდის შესახებ განაცხადა. ეს ნიშნავს, რომ შეზღუდული რესურსების მქონე ქვეყნებსაც კი შეუძლიათ, შექმნან იარაღი, რომელიც საშიშია მათი მეზობლებისთვის. უკრაინამ და ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა საუდის არაბეთი, კარგად იციან, რამდენად საშიშია ირანული დრონების თავდასხმა. თუმცა რა მოხდება, როდესაც ყველა ტიპის დრონი ხელმისაწვდომი გახდება მცირე ტერორისტული ჯგუფებისთვის ან კარტელებისთვის? მსოფლიო ძალიან ნელ ნაბიჯებს დგამს საკუთარი თავის დასაცავად, იარაღი კი სწრაფად ვითარდება. ახლა კომპანიები უკვე მუშაობენ დრონებზე, რომლებსაც შეუძლიათ სხვა დრონების ჩამოგდება და ეს მხოლოდ დროის საკითხია. მალე დადგება დრო, როდესაც დრონები დრონების წინააღმდეგ იბრძოლებენ, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას დაიკავებენ და ადამიანებს დაესხმებიან თავს სრულად ავტონომიურად, და არცერთი ადამიანი არ იქნება ჩართული, გარდა იმ მცირერიცხოვანი პირებისა, რომლებიც გააკონტროლებენ ხელოვნური ინტელექტის სისტემებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, უნდა აღდგეს რეალურად მოქმედი საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

„ძვირფასო ლიდერებო, ჩვენ ახლა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი შეიარაღების რბოლაში ვცხოვრობთ, რადგან ეს დრო მოიცავს ხელოვნურ ინტელექტს. თუ არ იქნება რეალური უსაფრთხოების გარანტიები, მეგობრებისა და იარაღის გარდა, თუ მსოფლიოს არ შეუძლია ძველ საფრთხეებზე რეაგირებაც კი, და თუ არ არსებობს საერთაშორისო უსაფრთხოების ძლიერი პლატფორმა, დარჩება დედამიწაზე რაიმე ადგილი, რომელიც ჯერ უსაფრთხო იქნება ადამიანებისთვის? ჩვენ ახლა გვჭირდება გლობალური წესები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იარაღში და ეს ისეთივე სასწრაფოა, როგორც ბირთვული იარაღის გავრცელების პრევენცია. ჩვენ უნდა აღვადგინოთ რეალურად მოქმედი საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. რამდენიმე წელიწადში შეიძლება უკვე გვიანი იყოს. ათი წლის წინ ომი სხვანაირად გამოიყურებოდა და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იაფფასიან დრონებს შეეძლოთ მკვდარი ზონების შექმნა, ათობით კილომეტრზე გადაჭიმული ტერიტორიები, სადაც არაფერი მოძრაობს, არც მანქანები და არც ცოცხალი არსება. ხალხი ამას მხოლოდ ბირთვული დარტყმის შემდეგ წარმოიდგენდა. ახლა დრონების გამოყენებით ეს რეალობად იქცა. უკრაინას არ აქვს დიდი რაკეტები, რომელთა აღლუმებზე ჩვენება დიქტატორებს უყვართ, მაგრამ ჩვენ გვაქვს დრონები, რომლებსაც შეუძლიათ 2000-3000 კილომეტრამდე ფრენა. ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ შეგვექმნა ისინი ჩვენი სიცოცხლის უფლების დასაცავად. ზღვაზე კონტროლი ადრე დიდ საზღვაო ფლოტზე იყო დამოკიდებული. უკრაინას დიდი ფლოტი არ ჰყავს, მაგრამ ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ შავ ზღვაში. ჩვენ რუსეთს თავისი საზღვაო ფლოტის ნარჩენების შორეულ ბაზაზე გადაყვანისკენ ვუბიძგეთ და ეს საზღვაო დრონებით გავაკეთეთ. ასე ვიცავთ ჩვენს პორტებს და საზღვაო ვაჭრობის წესებს, რადგან რუსეთმა სხვა გზა არ დაგვიტოვა. როდესაც იაფფასიანი დრონებით დავაზიანეთ ან გავანადგურეთ ათობით ძვირადღირებული რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი, ჩვენი ოპერაცია – „ობობის ქსელი“ გახდა ნამდვილი მაგალითი მსოფლიოს სპეციალური ძალებისთვის, რისი გაკეთება შეუძლია ახალ იარაღს ძველი სისტემების წინააღმდეგ. სწორედ ეს რუსული ბომბდამშენები ესხმოდნენ თავს ჩვენს ქალაქებს. არაფერი მოხდებოდა, პუტინს რომ არ დაეწყო თავისი სრულმასშტაბური ომი. ამ ომის მიმდინარეობის ყოველ წელს იარაღი ხდება სულ უფრო მომაკვდინებელი. ამაში დამნაშავე მხოლოდ რუსეთია. ფაქტები მარტივია. ამ ომის ახლა დასრულება და ამით შეიარაღების გლობალური რბოლის შეჩერება უფრო იაფია, ვიდრე მიწისქვეშა საბავშვო ბაღების ან ბუნკერების შენება; პუტინის ახლა შეჩერება უფრო იაფია, ვიდრე პორტების და გემების დაცვა ტერორისტებისგან დრონების გამოყენებით; რუსეთის ახლა შეჩერება უფრო იაფია, ვიდრე იმაზე ფიქრი, რომელი ძალა შექმნის პირველი მარტივ დრონს ბირთვული ქობინით. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რაც გვაქვს, რათა აგრესორი შევაჩეროთ. მხოლოდ მაშინ გვექნება რეალური შანსი, რომ ეს შეიარაღების რბოლა ყველასთვის კატასტროფით არ დასრულდეს. თუ ამისთვის იარაღი იქნება საჭირო, თუ ამისთვის რუსეთზე ზეწოლა იქნება საჭირო, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს და უნდა გაკეთდეს ახლავე. წინააღმდეგ შემთხვევაში პუტინი გააგრძელებს ომის გაფართოებას. ჩვენ ადრეც გითხარით, უკრაინა მხოლოდ დასაწყისია და ახლა რუსეთის დრონები უკვე დაფრინავენ ევროპაში და რუსული ოპერაციები უკვე ვრცელდება სხვადასხვა ქვეყანაში. პუტინს სურს ამ ომის გაგრძელება მისი გაფართოებით და ვერავინ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი