ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკით“ მუქარას დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის ჩასაშლელად იყენებს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკით“ მუქარას დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის ჩასაშლელად იყენებს.
„დღეს ყაზახეთში პუტინი კვლავ რეკლამას უკეთებდა თავის რაკეტებს. იმ ათასობით რაკეტას, რომელმაც უკვე დაარტყა უკრაინას, პუტინს აშკარად სურს, კიდევ ათასობით დაამატოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პუტინს არ სურს ამ ომის დასრულება და ცდილობს, სხვებსაც შეუშალოს ხელი ამაში.
„„ორეშნიკის“ ქნევა პუტინს ახლა მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ ხელი შეუშალოს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც ინაუგურაციის შემდეგ აუცილებლად მოხდება. პუტინს სურს, სიტუაცია ახლა ისე გაამწვავოს, რომ პრეზიდენტ ტრამპს არაფერი გამოუვიდეს, ვერ შეძლოს ომის დასრულება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პუტინი არის ამ ომის ერთადერთი დამნაშავე და უკრაინა იაზრებს არსებულ საფრთხეებს.