ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები ნოემბრის დასაწყისში, აბუ-დაბიში შეხვდებიან

00:49, 24.10.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები ნოემბრის დასაწყისში აბუ დაბიში შეხვდებიან.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ტექნიკური დისკუსიების შემდეგ ქვეყნების ლიდერების შეხვედრა შედგეს.

ზელენსკის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს აშშ-ის წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს ესაუბრა. ზელენსკის თქმით, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინისთვის მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებსა და მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინის არმიის შესანარჩუნებლად საჭირო დაფინანსებას უნდა ითვალისწინებდეს.

„გეგმის მიხედვით, შეხვედრა ნოემბრის დასაწყისში, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება მალე უნდა გაიმართოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ბევრი რამ რუსეთზე იქნება დამოკიდებული. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ანალოგიური შეხვედრა, რომელიც მიმდინარე თვეში უნდა გამართულიყო, არ შედგა.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას. მისი თქმით, მოლაპარაკებებში ევროპაც უნდა მონაწილეობდეს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა მზად არის, მოლაპარაკებები დაიწყოს ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ან, თუ მოსკოვი უფრო ფართო შეთანხმების განხილვისთვის მზად არ იქნება, შეთანხმებაზე, რომელიც მხოლოდ ენერგეტიკულ სექტორს ან საზღვაო ოპერაციებს შეეხება.

„მათ რაიმე საკითხის წამოჭრა თუ სურთ, ჩვენ მზად ვართ, თუმცა ტერიტორიების საკითხი სენსიტიურია და მისი განხილვა ლიდერების დონეზე შეხვედრისას შეიძლება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სატელეფონო საუბრისას დაარწმუნა, რომ „სტარლინკის” მუშაობა 48-72 საათში აღდგებოდა, თუმცა ეს არ მომხდარა.

მსგავსი