ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი მარტის დასაწყისში არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჟენევაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი შეხვედრა კი მარტის დასაწყისში არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაიმართება.
„ჩვენ უნდა დავასრულოთ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ უსაფრთხოების რეალური გარანტიების უზრუნველსაყოფად და ლიდერების დონეზე შეხვედრის მოსამზადებლად. ამ ფორმატს შეუძლია, დიდი ცვლილებები შეიტანოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შვეიცარიაში გაამრთულ შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი. მისი თქმით, უკრაინა აშშ-თან უსაფრთხოების პარამეტრების, ეკონომიკური გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებული პოზიციების დაზუსტებაზე მუშაობს.
„შეხვედრების შემდეგ, დავიდ არახამიასთან და ამერიკული მხარის წარმომადგენლებთან – სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ერთად, ჩვენ ერთობლივი სატელეფონო საუბარი გვქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რათა განგვეხილა შეხვედრის შედეგები და შემდგომი ნაბიჯები. შემდეგი რაუნდისთვის მზადება მიმდინარეობს. ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხოების პარამეტრების, ეკონომიკური გადაწყვეტილებების და შეთანხმებული პოზიციების დაზუსტებაზე, რომლებიც შემდგომი შეთანხმებების საფუძველი უნდა გახდეს. მიზანია, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის შემდეგი სამმხრივი შეხვედრა მაქსიმალურად არსებითი იყოს“, – დაწერა უმეროვმა.