ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინაში ბოლო ვიზიტით მყოფ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, უილიამ ბერნსს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას „ბოლო ვიზიტით“ ეწვია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი. მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ ინფორმაციას თან დაურთო ფოტო, სადაც ამერიკული უწყების ხელმძღვანელს ხელს ართმევს.
ბერნსი თანამდებობას 20 იანვარს ტოვებს, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციის უფლებამოსილების ვადა იწურება. მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ თანამდებობაზე ჯონ რეტკლიფის დანიშვნა სურს.
ზელენსკი წერს, რომ ბერნსთან „ამ ომის განმავლობაში ბევრი შეხვედრა ჰქონდა, რომლებიც იმართებოდა უკრაინაში, ევროპის ქვეყნებში, აშშ-ში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში“. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ შეხვედრების შესახებ ოფიციალურად ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ბერნსის კიევში ვიზიტებიდან განსაკუთრებით ცნობილია 2022 წლის დასაწყისში გამართული ვიზიტი, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე. შემდგომში ცნობილი გახდა, რომ სწორედ ბერნსმა გადასცა ზელენსკის რუსეთის გეგმის დეტალები კიევზე იერიშისა და ჰოსტომელის აეროპორტის აღების შესახებ, რის გამოც მისი ჩაშლა შესაძლებელი გახადა.
„საიდუმლოებებს არ ვამხელთ, მაგრამ კონტაქტს ვინარჩუნებთ. აუცილებლად კიდევ შევხვდებით. აუცილებლად შევხვდებით, როგორც კი ეს ომი რეალური, საიმედო მშვიდობით დასრულდება, რისთვისაც ერთად ვმუშაობთ“, – დაწერა ზელენსკიმ.