ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას არ მიუღია „სამშვიდობო შეთანხმების“ ოფიციალური შეთავაზება აშშ-ისგან
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას არ მიუღია „სამშვიდობო შეთანხმების“ ოფიციალური შეთავაზება აშშ-ისგან, რის შესახებაც მედია ბოლო დღეების განმავლობაში წერდა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ის შეთავაზებების შესახებ „არის იდეები“, მაგრამ არა ოფიციალური შეთავაზება უკრაინისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა „იურიდიულად არ აღიარებს ყირიმის ოკუპაციას“, რადგან ამას კონსტიტუცია კრძალავს.
ზელენსკის განმარტებით, ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს არ შეუძლიათ, ვეტო დაადონ კიევის ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთთან მშვიდობის პირობებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც ცეცხლი შეწყდება.
„როგორც კი ვიწყებთ საუბარს ყირიმზე, ჩვენს სუვერენულ ტერიტორიებზე და ა.შ. ჩვენ შევდივართ იმ ფორმატში, რაც რუსეთს სურს, ეს არის ომის გაჭიანურება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთზე ზეწოლის გარეშე სწრაფად შეთანხმება შეუძლებელია.
„ჩვენ მხარი დავუჭირეთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ცეცხლის უპირობო შეწყვეტასთან დაკავშირებით. თამაში – „მოდით, ერთდროულად ყველაფერი განვიხილოთ“ არ გამოვა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები იომებენ, დაიღუპებიან და იქნება ხანგრძლივი დიალოგი“, – განაცხადა ზელენსკი.
ამასთან, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკელები თუ უკრაინას დაეხმარებიან და რუსები ელექტროსადგურს დატოვებენ, უკრაინა და აშშ ერთად აღადგენენ სადგურს და შეძლებენ ელექტროენერგიით შემოსავლის მიღებას, თუმცა ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ამის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება არ მოუსმენია.