ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ პარტნიორებისგან „პეტრიოტის“ თავდაცვითი სისტემებისთვის რაკეტები მიიღო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ პარტნიორებისგან „პეტრიოტის“ თავდაცვითი სისტემებისთვის რაკეტები მიიღო.
ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობაზეა საუბარი, მაგრამ აღნიშნა, რომ უფრო მეტია საჭირო. მანამდე უკრაინის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ზამთრისთვის, სულ მცირე, 360 რაკეტა სჭირდებათ.
„კიდევ ცოტა „პეტრიოტის“ რაკეტები მივიღეთ. რამდენი – არ შემიძლია თქმა, თუმცა ცოტა. საჭიროა მეტი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინამ მიიღო დასტური ფრანგული წარმოების „კროტალეს“ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემისა და მისი რაკეტების მიწოდების შესახებ, რომლითაც ფრთოსანი რაკეტების გაუვნებელყოფა შეუძლია.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, უკრაინამ ასევე მიიღო AIM-ს რაკეტები, რომელთაც რუსული ჭურვების ჩამოგდება შეუძლიათ.