ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა სტამბოლში დელეგაციას თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გაგზავნის
უკრაინა ხედავს, რომ რუსეთი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზულად არ არის განწყობილი, მაგრამ გავაგზავნით დელეგაციას სტამბოლში თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნული განცხადება თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-ისა და თურქეთისგან სტამბოლში შეხვედრის დროის შესახებ ინფორმაციას ელოდება.
მისივე თქმით, თუ ხუთშაბათს ტექნიკურ დონეზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევენ, პუტინთან შეხვედრის გამოტოვება შესაძლებელია.
უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის.
„სტამბოლში არაფერი მაქვს გასაკეთებელი. რუსეთმა განაცხადა, რომ პუტინი პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად იყო, შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ. თუ პუტინი მზადაა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, შევხვდეთ. ჩვენ აქ ვართ, მაგრამ ის არც აქ არის და არც სტამბოლში. ჩვენ არ შეგვიძლია მსოფლიოს გარშემო სირბილი მის საძებნელად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სტამბოლშია დაგეგმილი. საუბარი იყო ტრამპის, ზელენსკისა და პუტინის მონაწილეობით მოლაპარაკებებზეც, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ლიდერების დონეზე შეხვედრა არ გაიმართება.