ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა პარტნიორებთან ერთად ქვეყანაში არა ერთეული, არამედ ათასობით სამხედროს განთავსებას განიხილავს
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა პარტნიორებთან ერთად ქვეყანაში არა ერთეული, არამედ ათასობით სამხედროს განთავსებას განიხილავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანა პარტნიორებთან არა ერთეული, არამედ ათასობით სამხედროს განთავსებას განიხილავს. ამის შესახებ ზელენსკიმ უჟგოროდში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უკრაინაში უცხოური კონტინგენტის რიცხოვნობასთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ იქნება არა ერთეული, არამედ ათასობით სამხედრო.

„არის ინფორმაცია, რომ იქნება 10 ათასი სამხედრო. მე არ ვისაუბრებ რიცხვებზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ყველა, ამას განვიხილავთ. ნამდვილად, ეს არ იქნება ერთეული, არამედ ათასობით. ეს ფაქტია, თუმცა ამაზე ჯერ ნაადრევია საუბარი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალმა“ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით დაწერა, რომ ევროპელმა სამხედრო მეთაურებმა შეიმუშავეს უკრაინაში საერთაშორისო ძალების განთავსების დეტალური გეგმა, რომელიც ითვალისწინებს უკრაინაში სახმელეთო ძალების ორი ჯგუფის განთავსებას: ერთი უკრაინელი სამხედროების სწავლისთვის და დახმარებისთვის, მეორე – რუსეთის შეკავებისთვის.

მედიასაშუალების ცნობით, გეგმა უკრაინაში 10 ათასი ჯარისკაცის განთავსებას ითვალისწინებს, ხოლო უკრაინის თავზე საჰაერო პატრულირებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ განლაგებული ძალები განახორციელებენ.