ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შეთანხმების ხელმოწერის შედეგად, უკრაინიდან 20 მილიონ ტონამდე მარცვლეულის ექსპორტი იგეგმება
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის პორტების განბლოკვის თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმება სრულად არის ქვეყნის ინტერესებში და ოფიციალურ კიევს აქვს კონტროლი საკუთარ პორტებზე. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ხელმოწერილი დოკუმენტის ტექსტი გამოქვეყნდა და იქ არსებული საკითხების გაცნობა ყველას შეუძლია. ეს საკითხები სრულად აკმაყოფილებს უკრაინის ინტერესებს. ახლა ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ გავაგრძელოთ ჩვენი პორტების მუშაობა შავ ზღვაზე, არამედ მათ საჭირო დაცვასაც ვინარჩუნებთ. ეს შემუშავდა ჩვენს სამხედროებთან და დაზვერვასთან ერთად. სამხედროებმა ჩვენი პორტების მისადგომების 100%-იან კონტროლში დამარწმუნეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, გასული წლის მოსავლის მარცვლეულის დაახლოებით 20 მილიონი ტონა გავა ექსპორტზე. ასევე იმ მოსავლის გაყიდვაც შესაძლებელია, რომელსაც ახლა იღებენ.
„ჩვენ უკვე გვაქვს დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარის მარცვლეული მარაგში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმების ხელმოწერა არის იმის დემონსტრირება, რომ უკრაინას შეუძლია, გაუძლოს რუსეთთან ომს.
„ყველასთვის გასაგებია, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული პროვოკაციები რუსეთის მხრიდან. უკრაინისა და საერთაშორისო ძალისხმევის დისკრედიტაციის გარკვეული მცდელობები, მაგრამ ჩვენ გაერო-ს ვენდობით. ახლა მათი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პასუხისმგებლობაა, შეთანხმებების შესრულება უზრუნველყონ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
გუშინ სტამბოლში გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით უკრაინამ და რუსეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიხედვით, უკრაინული მხარის კონტროლის ქვეშ რჩება ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტები, რომელთა მეშვეობითაც მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდება. ამ პორტებში სხვა გემების არსებობა, გარდა იმ გემებისა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მარცვლეულის და მასთან დაკავშირებული საკვები პროდუქტებისა და სასუქების ექსპორტი, არ არის გათვალისწინებული. რუსეთი იღებს ვალდებულებას, არ დაესხას თავს პორტებსა და ხომალდებს. თურქეთი გაერო-ს მხარდაჭერით უზრუნველყოფს ხომალდების შემოწმებას, რათა არ მოხდეს მათი საშუალებით იარაღის ტრანსპორტირება.