ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ესკალაციის ახალი დონეა
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ესკალაციის ახალი დონეა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ეხმაურება.

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის ქმედებას „ესკალაციის ახალ დონედ“ აფასებს.

ზელენსკის თქმით, ეს „ევროპისთვის უკიდურესად საშიში პრეცედენტია“.

„დღეს ესკალაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა – რუსეთ-ირანის „შაჰედები“ პოლონეთის საჰაერო სივრცეში, ნატო-ს საჰაერო სივრცეში მოქმედებდნენ. ეს არ იყო მხოლოდ ერთი „შაჰედი“, რომელსაც შეიძლება ეწოდოს შემთხვევითობა, არამედ, სულ მცირე, რვა დრონი, რომლებიც პოლონეთისკენ იყო მიმართული“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით დაახლოებით 455 დრონი და რაკეტა გაუშვა, რომელთა სამიზნეც უკრაინის 15 რეგიონი იყო.

ამავდროულად, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა მზად არის, პოლონეთს მიაწოდოს რუსეთის თავდასხმის შესახებ ყველა არსებული საჭირო მონაცემი.

„უკრაინა მზადაა, დაეხმაროს პოლონეთს რუსულ საფრთხეებზე სათანადო შეტყობინებისა და დაცვის სისტემის შექმნაში. აშკარაა, რომ რუსული აგრესია საფრთხეს უქმნის ჩვენს რეგიონში არსებულ ყველა დამოუკიდებელ ერს. შესაბამისად, მხოლოდ ერთობლივმა და კოორდინირებულმა მოქმედებებმა შეიძლება უზრუნველყოს საიმედო უსაფრთხოება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რუსული დრონების ჩამოსაგდებად რამდენიმე ევროპული ქვეყნის საბრძოლო ავიაციის ერთდროულად გამოყენების პრეცედენტი.

„უკრაინა დიდი ხანია, სთავაზობს პარტნიორებს საერთო საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას და „შაჰიდების“, სხვა დრონებისა და რაკეტების ჩამოგდების უზრუნველყოფას ჩვენი საბრძოლო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის გაერთიანებული ძალის წყალობით. ევროპელები ერთად ყოველთვის უფრო ძლიერები არიან. რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ ამ ესკალაციურ ნაბიჯზე, და მით უმეტეს, ერთ-ერთი მთავარი ევროპული ქვეყნის დამცირების მცდელობაზე პასუხი ყველა პარტნიორის მხრიდან მკაფიო და ძლიერი იქნება“, – წერს ზელენსკი.

პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მორიგი მასშტაბური იერიშის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე მრავალჯერ დაარღვიეს ობიექტებმა. პოლონეთის სამხედროებმა განაცხადეს, რომ, საპასუხოდ, მათ და ნატო-ს მოკავშირეებმა საჰაერო სივრცეში ავიაცია აამოქმედეს და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს სახმელეთო საჰაერო თავდაცვის ძალები.