ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული აგრესიისგან პოლონეთის, ბალტიისპირეთის, მოლდოვისა და საქართველოს დასაცავად აუცილებელია რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული აგრესიისგან პოლონეთის, ბალტიისპირეთის, მოლდოვისა და საქართველოს დასაცავად აუცილებელია რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ ახალი, უფრო მკაცრი ეკონომიკური სანქციის დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა Die Zeit-თან ინტერვიუში განაცხადა, ახალი სანქციები აუცილებელია რუსული აგრესიისგან პოლონეთის, ბალტიისპირეთის, მოლდოვის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების დასაცავად.

„შემდეგი სანქციები უნდა ეხებოდეს გაზს, ნავთობს და ნავთობპროდუქტებს. მსოფლიოს საპორტო ქალაქები უნდა ჩაიკეტოს რუსეთის გემებისთვის, სატვირთო გადაზიდვები უნდა შეწყდეს და „სვიფტში“ არავითარი გამონაკლისი რუსეთის არც ერთი ბანკისთვის არ უნდა დაუშვან. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რათა რუსული აგრესიისგან დავიცვათ პოლონეთი, ბალტიისპირეთი, მოლდოვა, საქართველო და სხვა ქვეყნები,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის ფონზე უკრაინა დასავლეთისგან მხარდაჭერას იღებს, თუმცა მისივე თქმით, ეს საკმარისი არ არის, ისევე როგორც, არ არის საკმარისი დაწესებული სანქციები.

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი რომ იყოს, ინტერვენცია უკვე დასრულებული იქნებოდა. რუსულ ნავთობპროდუქტებს ისევ ყიდულობენ. დასავლური კორპორაციების გარკვეული ნაწილი ისევ რჩება რუსულ ბაზარზე გარკვეული შეთანხმებების საფუძველზე. ესაა მორალურად მიუღებელი. მადლობელი ვართ იმ კომპანიებისა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს. აუცილებელია სანქციების მეტი წნეხი რუსეთზე იმ მიზნით, რომ შეწყდეს სასტიკი აგრესია, რისი მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს,“ – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი ინტერვიუში.