ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს სუმის ოლქთან 50 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს სუმის ოლქთან 50 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთს სუმის ოლქთან მობილიზებული ჰყავს 50 ათასი სამხედრო. ამის შესახებ ზელენსკიმ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის საპასუხო ზომების შედეგად რუსეთმა სუმის ოლქზე შეტევის „დიდი ოპერაცია“ ვერ განახორციელა.

სუმის ოლქი რუსეთის კურსკის რეგიონს ესაზღვრება, სადაც, უკრაინული მხარის ცნობით, უკრაინის ძალებს ჯერ კიდევ აქვს შენარჩუნებული კონტროლი გარკვეულ რაიონებზე.

„მათი უმსხვილესი, უძლიერესი ძალები ამჟამად განლაგებულია კურსკის მიმართულებაზე, რათა განდევნონ ჩვენი ძალები კურსკის რეგიონიდან და მოამზადონ შეტევითი მოქმედებები სუმის ოლქზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ხელისუფლებას უკრაინის საზღვრის გასწვრივ 10-კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნა სურს.

„ამ ბუფერული ზონის შექმნისთვის უკრაინის სიღრმეში 10 კილომეტრით, ვფიქრობ, მათ ესმით, რომ არ ჰყოფნით შესაძლებლობები. ახლა ეს ასეა. ვფიქრობ, კურსკის ოლქში ჩვენი დანაყოფები სწორად მოიქცნენ. გავიდნენ ერთი მიმართულებიდან და შევიდნენ კურსკის ოლქში სხვა მიმართულებით. ჩვენ იქ ვიქნებით, ვიდრე რუსები არ მოისურვებენ ომის დასრულებას ან თუნდაც პირველი ნაბიჯის გადადგმას – ცეცხლის შეწყვეტას“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა საოკუპაციო ძალებს დონეცკის ოლქში, კონსტანტინოვკასთან უკან დაახევინეს 4 კილომეტრით.

„პოკროვსკის მიმართულების მსგავსად, კონსტანტინოვკასთან გვქონდა პრობლემები, თუმცა იყო წარმატებული ბრძოლები. ბოლო ორი დღის განმავლობაში კონსტანტინოვკას მიმართულებაზე ჩვენ მათ 4 კილომეტრით უკან დავახევინეთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.